დღეს, 18:00 საათზე საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში, გამოფენა სახელწოდებით "პაულ(ა) შტერნი - უცნობი არქივი" - გაიხსნება.
პაულ შტერნი წარმოშობით გერმანელი არქიტექტორი იყო, რომელიც თბილისში ვიქტორ შრეტერმა მე-19 საუკუნის 90-იან წლებში სახაზინო თეატრის მშენებლობის დროს მოიწვია, სადაც საიჟინრო სამუშაოებს ხელმძღვანელობდა. შემდეგ შტერნი განაგრძობს თბილისში დამოუკიდებელ მოღვაწეობას. მის მიერ აშენებულ შენობათა შორის აღსანიშნავია კარგარეთელის ქუჩაზე მდებარე სასახლე, სადაც ამჟამად განთავსებულია საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმი.
სასახლის აგება არქიტექტორს გერმანელმა პრინცმა კონსტანტინე ოლდენბურგმა დაუკვეთა მეუღლის, აგრაფინა ჯაფარიძის სიყვარულის ნიშნად.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება პაულ შტერნის ოჯახის აქამდე უცნობი კორესპონდენცია, რომელიც 1899 - 1911 წლით დათარიღებულ 72 ღია ბარათს მოიცავს. გამოფენილი იქნება პაულ შტერნის უცნობი ფოტოები, სასახლის შენობის გეგმა, ფასადი და აგრეთვე ოლდერბურგისა და აგრაფინა ჯაფარიძის ეპისტოლარული მემკვიდრეობა.
გამოფენა ხელოვნების სასახლის ისტორიულ ნაწილში ერთ კვირას გასტანს.