პრაიმერის მომხრე პარტიები "ალიანსს" სიტყვის შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ პრაიმერის ინიციატორი პარტიების ლიდერებმა დღეს, "ხალხის პარტიის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
"ხალხის პარტიის" ლიდერის, კობა დავითაშვილის განცხადებით, ზურაბ ნოღაიდელმა დიდსულოვანი ნაბიჯი გადადგა, როცა განაცხადა, რომ იგი პროცესებს გამოეთიშებოდა თუ "ალიანსის" წევრები მათ მიერვე ინიცირებულ სოციოლოგიურ გამოკითხვას დათანხმდებოდნენ.
" 7 მარტი გავიდა და "ალიანსიდან" სოციოლოგიური გამოკითხვის იდეას არავინ გამოეხმაურა, ამის შემდეგ ზურაბ ნორაიდელს სრული უფლება აქვს დაასახელოს თავისი კანდიდატები და მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში", - აღნიშნა დავითაშვილმა.
"ხალხის პარტიის" ლიდერი, ალიანსის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც "ალიანსელებმა" პრაიმერს და სოციოლოგიურ გამიკითხვას გართობა უწოდეს.
"ეს ადამიანები თვითონ გვიმტკიცებდნენ სოციოლოგიური გამოკითხვის უპირატესობას. ამის შემდეგ მათ თავიანთი სიტყვა არ შეასრულეს და სოციოლოგიაზეც უარი თქვეს, გამოდის თვითონაც ერთობოდნენ", - განაცხადა დავითაშვილმა.
"კონსერვატორი" ზვიად ძიძიგური კი აცხადებს, რომ ალიანსმაც და პრაიმერის მომხრე პარტიებმა თავიანთი გზა უკვე აირჩიეს. ძიძიგური "ალიანსს" წარმატებას უსრვებს და იმედს იტოვებს, რომ შექმნილი ვითარებიდან საზოგადოება სწორ დასკვნებს გააკეთებს. "კონსერვატორების" ლიდერმა სახელისუფლებო კანდიდატის გიგი უგულავას სავარაუდო მაღალ რეიტინგებზეც ისაუბრა.
"უფრო მაღალი რეიტინგის კანდიდატები მინახავს დამარცხებული და კიდევ ვნახავ. ჩვენი უმთავრესი კონკურენტი სწორედ უგულავაა და არ ვაპირებთ ოპოზიციის დანარჩენ ნაწილთან კინკლაობას", - აღნიშნა ძიძიგურმა.
ჟურნალისტის კითხვას, რატომ შეჯერდნენ პრაიმერის მომხრე პარტიები სოციოლოგიის მეთოდს მაშინ, როცა მისმა ავტორებმა "ალიანსიდან" უარი თქვეს თანამშრომლობაზე, მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა უპასუხა.
"იმიტომ, რომ ჩვენ სიტყვას არ გადავდივართ - ითქვა სოციოლოგია და იქნება სოციოლოგია", - განაცხადა ნოღაიდელმა.