პრაიმერის ინიციატორი პარტიები სოციოლოგიური გამოკითხვის გზით შერჩეულ თბილისის მერობის კანდიდატს 9 აპრილს დაასახელებენ. ამის შესახებ პრაიმერის მომხრე პარტიებმა დღეს, "ხალხის პარტიის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ ზვიად ძიძიგური "კონსერვატიული პარტიიდან; გია ბერძენიძე - "მამულიშვილი"; ზაზა თაბაგარი - "მომავლის პარტია"; ზურაბ ნოღაიდელი - "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის"; ავთანდილ დავითაია - ქრისტიანული საქართველო და კობა დავითაშვილი - "ხალხის პარტია".
"ხალხის პარტიის" ლიდერის კობა დავითაშვილის განცხადებით, თბილისის მერობის კანდიდატი სოციოლოგიური გამოკითხვის მეშვეობით გამოვლინდება, ხოლო საკრებულოს წევრობის კანდიდატები პრაიმერის გზით. ამასთან სოციოლოგიური გამოკითხვა და პრაიმერი ამა წლის 5-დან 20 აპრილამდე ჩატარდება.
მისივე თქმით, ოპოზიციის პრაიმერის მომხრე ნაწილი 12 მარტიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყებს ერთობლივ საპროტესტო აქციებს და შეხვედრებს. პირველი საპროტესტო კოლონა კახეთის მიმართულებით 12 მარტს, დილის 10:00 საათზე შეიკრიბება.
პრაიმერის მომხრეების განცხადებით, ამ და კიდევ სხვა საკითხებზე მოსახლეობა დამატებით ინფორმაციას დღეს, მეორე არხის ეთერიდან შეიტყობს. გადაცემა მათი მონაწილეობით 22:00 საათზე დაიწყება.