ბიზნესმენი თემურ ჭყონია ყველა ქართველ მეწარმესა თუ დისტრიბუტორს „გუდვილის" დახმარებისკენ მოუწოდებს. ბიზნესმენის დახმარების სქემა ასეთია: მეწარმეები და მიმწოდებლები „გუდვილს" პროდუქციას ჩვეულებრივ რეჟიმში მიაწვდიან, მიუხედავად იმისა, რომ „გუდვილს" მათი დავალიანება აქვს, პროდუქციის რეალიზაციის შემდეგ კომპანია „გუდვილი" არსებულ ვალს ეტაპობრივად დაფარავს.
„ვთხოვ ყველა ქართველ მეწარმესა და მიმწოდებელს, რომ დავუდგეთ მხარში „გუდვილს" და იმ 2500 ადამიანს, რომელიც „გუდვილშია" დასაქმებული. ამით ჩვენს თავსაც გადავარჩენთ, რათა კომპანიამ ვალიც დააბრუნოს და თავადაც მოგებაზე ამუშავდეს"- აცხადებს თემურ ჭყონია.
როგორც ბიზნესმენი განმარტავს, „გუდვილს" ნამდვილად გააჩნია იმისი პოტენციალი, რომ ისევ მომგებიანი კომპანია გახდეს და სამომავლოდ გაფართოვდეს კიდეც.
„გუდვილის" ქართველი მიმწოდებლები ცოტა გაურკვევლობაში არიან, რადგანაც „გუდვილს" პრობლემები აქვს და ისინი ამ ეტაპზე მას პროდუქციას არ აწვდიან. იმავდროულად „გუდვილს" აქვს სერიოზული დავალიანება. საკითხი დგას შემდეგნაირად, რომ თუ „გუდვილს" არ მივაწვდით პროდუქციას, ის ამ ვალს ვერ გადაიხდის. თუ მას ჩვენ არ დავეხმარეთ ვერც ჩვენს თავს ვერ გადავარჩენთ და ვერც თავად „გუდვილს". იმავდროულად „გუდვილს" აქვს იმისი პოტენციალი, რომ მომწოდებლებთან გააფორმოს სწორი ხელშეკრულებები და თუ ყველა პირობას დაიცავს, მაშინ შესაძლებელია ვალების გასტუმრებაც და მომგებიან პოზიციაზე გასვლაც, რომელიც მას აქამდე ჰქონდა. რიგი მიზეზების გამო დღეს „გუდვილს" სერიოზული პრობლემები აქვს. ჩვენ მის მომავალზე უნდა ვიფიქროთ, რადგანაც 2500 თანამშრომელს, რომ ჯიბრში ჩავუდგეთ, არ მივაწოდოთ პროდუქცია და დავიწყოთ სხვადასხვა გზებით ჩვენი ვალის ამოღება, ეს არის გრძელვადიანი პერსპექტივა"- აცხადებს ბიზნესმენი.
თემურ ჭყონიას მიაჩნია, რომ თუ მიმწოდებლებთან საკითხი დარეგულირდება, მაშინ პრობლემის მოგვარება ბანკებთანაცაა შესაძლებელია.
შეგახსენებთ, რომ კომპანიებმა „გუდვილმა" და „მარშმე" სასამართლოს კომპანიების გადახდისუუნაროდ გამოცხადების მოთხოვნით მიმართა, რაც სასამართლოს მხრიდან დაკმაყოფილდა.
„გუდვილის" ინფორმაციით, კომპანიები რეაბილიტაციის რეჟიმში აგრძელებენ ფუნქციონირებას.
„რეაბილიტაციის რეჟიმში არაერთი წარმატებული, მსოფლიო დონის კომპანია შესულა და ეს ფორმატი მიღებული პრაქტიკაა საერთაშორისო ბაზრისთვის. ამ ეტაპზე კომპანიები „გუდვილი და „მარშე ბევრჯერ აპრობირებულ გზას გაივლიან და ვალების რექსტრუქტურიზაციის პარალელურად გააგრძელებენ უწყვეტად მუშაობას.
რეაბილიტაციის რეჟიმში გადასვლა, - ეს გადაუდებელი აუცილებლობა, წარმოშვა იმ მდგომარეობამ, რომელშიც ბევრი ობიექტური მიზეზის გამო აღმოვჩნდით. ცხადია, „გუდვილი" და მისი ცენტრალიზებული წარმოება - „მარშე" მომწოდებლებისა და ბანკის წინაშე არსებულ მიმდინარე ვალდებულებებს ჩვეულ რეჟიმში, უპრობლემოდ ემსახურებიან. მაგრამ, ჩვენი ძირითადი პრობლემაა იყო ის, რომ მიმდინარე ეტაპზე კომპანიების ფინანსური შესაძლებლობებით ვეღარ ხერხდებოდა მომწოდებლების მიმართ დაგროვილი დავალიანების მომსახურება.
სწორედ ამიტომ, შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის გზად მოინახა ამ ეტაპზე კომპანიების გადახდისუუნაროდ გამოცხადება და შემდგომი რეაბილიტიცია"- აცხადებენ კომპანიაში.
„გუდვილი" ვალის დაგროვების მიზეზებსაც განმარტავს და აცხადებს, რომ „მოყოლებული 2004 წლიდან, „გუდვილის" ბაზარზე გამოჩენის შემდეგ, ჩვენს კომპანიას არაერთხელ მოუხდა არამიზნობრივი ხარჯების გაწევა. ისეთი ხარჯების, რომელიც არანაირი ლოგიკით არ ჯდებოდა კომპანიის ბიზნეს-ინტერესებში და განვითარების სტრატეგიაში. საერთო ჯამში, ასეთი ხარჯების მთლიანი მოცულობა 30 მლნ ლარს აჭარბებს. სხვადასხვა ეტაპზე ასეთი მძიმე გადაწყვეტილებების მიღება საჭირო ხდებოდა, რადგან სხვა შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა არათუ ბიზნესის განვითარებაზე ზრუნვა, არამედ მისი შენარჩუნებაც კი. რომ აღარაფერი ითქვას ბიზნესის მფლობელთა და ტოპ მენეჯერთა თავისუფლებასა და უსაფრთხოებაზე. ამ ერთგვარი ხარკის გაღებებით მოხდა ის, რომ კომპანიებმა შეძლეს არსებობა.
ცალკე აღსანიშნია „გუდვილის" ცენტრალიზებული წარმოება - „მარშეს" პროექტი, რომელიც თავისი ულტრთანამედროვე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით უნიკალური წარმოებაა მთელი ამიერკავკასიის მასშტაბით და მსოფლიოში სადღეისოდ დადგენილ უკლებლივ ყველა სტანდარტსა და ნორმას შეესაბამება. ზემოთ აღნიშნულმა ფაქტორებმა „მარშეს" განვითარებაზეც ნეგატიური ასახვა ჰპოვა, რამაც თავის მხრივ „მარშე" არასახარბიელო მდგომარეობამდე მიიყვანა"- ნათქვამია „გუდვილის" განცხადებაში.