საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, კახა ბაინდურაშვილი სამუშაო ვიზიტით სტამბულში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, კახა ბაინდურაშვილი შეხვდა თურქეთის სავაჭრო პალატების გაერთიანებისა და სავაჭრო ბირჟების პრეზიდენტს რიფათ ჰისარჯიკლიოგლუს.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და თურქეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურების, ზოგადად, საქართველოში თურქი ბიზნესმენებისა და თურქეთში ქართველი ბიზნესწრეებისთვის აქტუალური საკითხების მოგვარების აუცილებლობაზე.
გარდა ამისა, საუბარი შეეხო თურქეთის მხრიდან სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან არსებულ რიგებს, რითაც ზარალდებიან ქართველი გადამზიდავები და მცირე მეწარმეები.
როგორც თურქეთის სავაჭრო პალატების გაერთიანებისა და სავაჭრო ბირჟების პრეზიდენტმა აღნიშნა, თურქული მხარე აღიარებს ამ პრობლემას და უკვე დაწყებულია შესაბამისი პროცედურები, რათა უახლოეს მომავალში დაიწყოს დამატებითი გასასვლელების მშენებლობა, რაც თურქეთის მხრიდანაც საბოლოოდ მოხსნის რიგების პრობლემას სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტზე.
ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ხელმძღვანელებს შორის მიღწეული შეთანხმებით, მხარეები გაცვალონ წარმომადგენლებს, რათა ეფექტური კოორდინაცია გაუწიონ კერძო სექტორისთვის აქტუალური საკითხების გადაჭრას.