მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ორი ქართველის გათავისუფლებას მიესალმება და საქართველოს ძალოვანი უწყებებისგან "შემხვედრი ნაბიჯების გადადგმას" მოითხოვს.
"2 მარტს, ე.წ. სამხრეთ ოსურმა მხარემ გაათავისუფლა ქართველი ეროვნების ორი მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული ივანე თამაზის ძე მულაძე და 1980 წელს დაბადებული ნინო ფირუზის ასული ალცნაური. მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" მიესალმება ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას და, ამავე დროს, საქართველოს ძალოვანი უწყებებისგან კატეგორიულად მოითხოვს შემხვედრი ნაბიჯების გადადგმას", - ნათქვამია ნოღაიდელის პარტიის განცხადებაში.
კერძოდ, მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" მოითხოვს, "გაიცეს ზუსტი ინფორმაცია ქართველი სამართალდამცავების მიერ დაკავებული და უგზოუკვლოდ დაკარგულად ცნობილი ოსი ეროვნების პირების შესახებ, აგრეთვე, გათავისუფლდეს ყველა უკანონოდ დაკავებული და ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული პირი".
"ასეთი ქმედება ხელს შეუწყობს მხარეებს შორის ნდობის აღდგენის პროცესს და ცხინვალის საპყრობილეში მყოფი ქართველი ეროვნების მოქალაქეების გათავისუფლების წინაპირობა გახდება", - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.