ირაკლი ოქრუაშვილის მოძრაობა "ერთიანი საქართველოსთვის" სენაკის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დატოვა.
ინგა ქარდავას განცხადებით, პარტიიდან მისი წასვლის მიზეზი თეო ტლაშაძესთან დაძაბული ურთიერთობა გახდა.
"ტლაშაძე "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას მაიძულებდა და მოითხოვდა მმართველი გუნდის სენაკის ორგანიზაციის თავმჯდომარესთან აქტიური ურთიერთობა მქონოდა. ეს ჩემთვის მიუღებელია", - განუცხადა ქარდავამ ჟურნალისტებს.
თავად მოძრაობა "ერთიანი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი თეო ტლაშაძე კი ქარდავას აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმება და მას "სწორ ნაბიჯად" აფასებს.
"ინგა ქარდავამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მეტიც. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ სენაკში ჩვენი პარტიის რაიონული ორგანიზაციის არსებობა ზედმეტი იყო, რადგან ამ ოფისს მოძრაობისთვის არანაირი პოზიტივი არ მოუტანია, უბრალოდ, ქარდავა ეკა ბესელიას ოჯახის წევრია და იქ იყო დასაქმებული", - აცხადებს ტლაშაძე.
შეგახსენებთ, რომ ქარდავა არაა პირველი, რომელმაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ოქრუაშვილის პარტია დატოვა. 23 თებერვალს, მოძრაობას პარტიის უკვე ყოფილი გენერალური მდივანი ეკა ბესელიაც გაემიჯნა.