"კონსერვატიული პარტია" ხუდადოვის ქუჩაზე არსებული აუთვისებელი ტერიტორიის აფხაზეთიდან დევნილთათვის გადაცემას ითხოვს.
შესაბამისი წინადადებით "კონსერვატორები" ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, თბილისის მერიასა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართავენ.
"დევნილები ითხოვენ მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით მიყიდვას. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის დიდი რაოდენობით აუთვისებელი ფართები. მივმართეთ თხოვნით ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, თბილისის მერიას და ეკონომიკის სამინისტროს, რომ თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე არსებული აუთვისებელი ტერიტორია, რომელიც ადრე ნაგავსაყრელი იყო, გადაეცეთ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს, რომლებიც თავად იღებენ პასუხისმგებლობას ამ ტერიტორიის საცხოვრებლად კეთილმოწყობაზე", - ნათქვამია "კონსერვატიული პარტიის" განცხადებაში.
ამასთან, მასში აღნიშნულია, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დევნილთა დიდი ნაწილი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს - წყლისა და ელექტროენერგიის კომუნიკაციების გარეშე.