"დემოკრატიულმა პარტიამ" შუალედურ საპარლამენტო არჩევნებზე ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის საკუთარი კანდიდატი წარადგინა. მაია ორჯონიკიძე პარტიის ლიდერმა გია თორთლაძემ საზოგადოებას დღეს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააცნო.
თორთლაძის თქმით, ოზურგეთის რაიონი ეკონომიურად ყველაზე რთულ ვითარებაშია საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით. მან რაიონის სამ ყველაზე რთულ პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება. ესენია, სამუშაო ადგილები, ინფრასტრუქტურა და სოციალური საკითხები.
პრესკონფერენციაზე გია თორთლაძემ ნინო ბურჯანაძისა და ზვიად ძიძიგურის რუსეთთან ღია კავშირის შესახებაც გააკეთა განცხადება და სახელმწიფო მოღალატის სტატუსი საერთაშორისო ნორმების მიხედვით განსაზღვრა:
"სახელმწიფო მოღალატე, ეს არის, პირველი, მტრის მხარეზე გადასვლა და მოქმედება და მეორე, სეპარატისტებთან მოლაპარაკებების წარმოება ხელისუფლების ნების საწინააღმდეგოდ".