"თეთრები" საქართველოს მოსახლეობას პრეზიდენტ სააკაშვილის იმპიჩმენტისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ თეთრების ლიდერმა, თემურ შაშიაშვილმა დღეს, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასტან გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით სააკაშვილმა არ შეასრულა ის "ღირსების ულტიმატუმი", რომელიც მას მოძრაობა "თეთრების" წარმომადგენლებმა, მეცნიერებმა, "თავისუფლებისა და მშვიდობის საერთაშორისო ფონდის" და "დიმიტრი ყიფიანის საზოგადოებამ" წაუყენეს.
"პრეზიდენტმა არ შეასრულა "ღირსების ულტიმატუმის" არც ერთი მოთხოვნა, ანუ საკითხები, რომელთა გადაწყვეტა მისი კონსრტიტუციური მოვალეობაა. პრეზიდენტი შეუშინდა ხალხისთვის სასიცოცხლო საკითხებზე პირდაპირ სატელევიზიო დებატებს. პრეზიდენტმა ყოველივე ამით კონსტიტუციის გარეთ დააყენა საკუთარი თავი. დადგა დრო, პოლიტიკურმა პარტიებმა საზოგადოებასთან დათათბირებით, დავიწყოთ კონსულტაციები პრეზიდენტისათვის საყოველთაო რეფერენდუმის წესით იმპიჩმენტის გამოცხადებაზე", - აღნიშნა თემურ შაშიაშვილმა.
შაშიაშვილის განცხადებით, ზუსტად 100 დღის წინ, 23 ნოემბერს, "ვარდების რევოლუციის" 6 წლისთავზე, ვარდების რევოლუციის ხელისუფლებას წარედგინა "თეთრების" მიერ მეცნიერთა მონაწილეობით შემუშავებული და პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოების ღვაწლმოსილ წარმომადგენელთა მიერ მხარდაჭერილი "ღირსების ულტიმტუმი" ხალხისთვის სასიცოცხლო 25 საკითხით.
"პრეზიდენტმა, რომელიც ამ საკითხებს ელემენტარულს უწოდებს 1994 წლიდან, ანუ მისი მოქკავშირელობიდან _ არც "მოქკავშირის" თავჯდომარეობის, არც მოქკავშირელი მინისტრობის, არც თბილისის საკრებულოს თავჯდომარეობის დროს და არც მისი პრეზიდენტობის 6 წლის განმავლობაში არ გადაწყვიტა ეს "ელემენტარული" საკითხები. მისი პრეზიდენტობის დროს მდიდარი კიდევ უფრო მდიდარი გახდა და ღარიბი კიდევ უფრო გაღარიბდა", - აღნიშნა თემურ შაშიაშვილმა.
"თეთრები" საქართველოს პრეზიდენტს შემდეგ ბრალდებებს უყენებენ:
"გაიყიდა ყველაფერი: მიწაც, მიწაში და მიწის ზემოთ არსებულიც; განადგურდა განათლება, კატასტროფულად გაიზარდა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის ღირებულება და მოკლე პერიოდში მხოლოდ მდიდართა ოჯახებისთვის გახდება შესაძლებელი. ფუნქცია დაკარგა მეცნიერებამ, აგდებული დამოკიდებულებაა კულტურისადმი, დაუცველია საკუთრება, მონოპოლიზებულია სატელევიზიო სივრცე, კატასტროფულია დემოგრაფიული მდგომარეობა, მოიშალა ჯანმრთელობის სისტემა და მკურნალობა ფუფუნებად იქცა; "მოქკავშირი-ნაციონლებმა" ჯართად აქციეს სამუშაო ადგილები... ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს ეკონომიკა, სოფელი საკონცენტრაციო ბანაკს ემსგავსება, ქვეყნის ბიუჯეტის თითქმის 90% ეს არის მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული ფული ქვეყანა უცხოეთიდან შემოსული პროდუქციის ბაზრად იქცა; ქვეყანამ "მოქკავშირის" დროს დაკარგულ ტერიტორიებს ახალი მიამატა; დევნილებს მათხოვრული დახმარება შესთავაზა, მაშინ როცა, გაურკვევლად იხარჯება უცხოეთიდან მიღებული დახმარებები, როცა უცხოეთიდან მიღებული თანხებით ქვეყანაში ფეშენებელური სახელისუფლებო სასახლეები აშენდა; გაუხსნელია უამრავი გახმაურებული მკვლელობა, პრეზიდენტმავე დაადასტურა, რომ გასცა ოჯახის ლიკვიდაციის დავალება... პრეზიდენტი თანამდებობებზე ინარჩუნებს მკვლელობათა ორგანიზატორებს, აწინაურებს შემსრულებლებს; ამკვიდრებენ აზრს, რომ ებრძვიან კორუფციას, ქურდებს, მაშინ როდესაც ასეთი მასშტაბის და ასეთი სახელისუფლებო კორუფცია ძნელად წარმოსადგენია... ხელისუფლება ბიზნესს ჩაუჯდა წილებში, ანუ ქურდული მენტალიტეტი სახელისუფლებო კარზე დამკვიდრდა; ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ორგანო პარლამენტი _ პრეზიდენტის, მისი ოჯახის მეგობარ ბიზნესმენთა ბიზნეს-კლუბად იქცა; ერთი მილიონი პენსიონერის პენსია წლის განმავლობაში იმდენივეა, რამდენიც სახელისუფლებო აპარატის შენახვა ჯდება ქვეყანაში; ქვეყანა იმართება პიარ-ტექნოლოგიებით, მონოპოლიზებულია სატელევიზიო სივრცე. ქვეყანა ცხოვრობს სატელევიზიო კეთილდღეობით, წარმატებით ინერგება გასული საუკუნის 20-იანი წლების მზაკვრული დასმენების ინსტიტუტი... დაპირებული დემოკრატიის და ნიჭის ძალაუფლების ნაცვლად ქვეყანაში ფულის უფლება დაამკვიდრა; ქვეყანას მართავს ანტიქართული ცნობიერების "თავისუფლების ინსტიტუტი"; წარმოუდგენელი სისწრაფით ეცემა ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტი", - აცხადებენ "თეთრები".
შაშიაშვილის განცხადებით, "ღირსების ულტიმატუმში" დასმული საკითხების გადაუწყვეტლობით პრეზიდენტმა საკუთარი თავი კონსტიტუციის გარეთ დააყენა, ყოველივე ამის გამო ეს ხელისუფლება არა თუ უნდა გასამართლდეს, არამედ პოლიტიკურმა პარტიებმა ორი თვის განმავლობაში მდგომარეობის სერიოზული გაანალიზების შემდგომ უნდა დაიწყონ პრეზიდენტის საყოველთაო იმპიჩმენტის პროცედურა.