კონსერვატორული პარტიის თავმჯდომარემ ზვიად ძიძიგურმა გააკეთა განცხადება და ოფიციალურად დაადასტურა, რომ იგი მოსკოვში ჩასვლას აპირებს. ვიზიტის კონკრეტული თარიღი ჯერ ჯერობით ცნობილი არის, თუმცა როგორც თავად ზვიად ძიძიგური განმარტავს შეხვედრა უახლოეს თვეებში შედგება.
მისივე ინფორმაციით, ვიზიტთან დაკავშირებული შესაბამისი კონსულტაციები უკვე დაწყებულია.
მოსკოვში განსახილველ თემებზე საუბრისას ძიძიგური აცხადებს, რომ დღის წესრიგში დადგება ნებისმიერი თემა რომელიც რუსეთ-საქართველოს გართულებულ ურთიერთობებს აღადგენს.
"ყველაზე მწვავე საკითხებზეც კი არის შესაძლებელია გონივრული კომპრომისის გამოძებნა. ჩვენ ეს ღიად განვაცხადეთ და როცა საჭიროდ ჩავთვლით, შეიძლება გადავდგათ ასეთი ნაბიჯი და მოსკოვში წავიდეთ. ყველა თემა უნდა განვიხილოთ დაწყებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემით და დევნილების პრობლემით ანუ საუბარი უნდა შედგეს ყველა იმ თემაზე რაც საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებში შედის", _ აცხადებს ზვიად ძიძიგური.