რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა და "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, რუსეთ-საქართველოს ამჟამინდელ ურთიერთობებსა და მისი ჩიხიდან გამოყვანის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
"საუბარი შეეხო რუსეთ-საქართველოს ამჟამინდელ ჩიხში შესულ ურთიერთობებს. მიუხედავად იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობები ამ ეტაპზე არ არსებობს, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ურთიერთობები აუცილებლად უნდა დარეგულირდეს", - ნათქვამია განცხადებაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ნორმალური ურთიერთობების აღდეგნა ხელს შეუწყობს, როგორც მსოფლიო, ისე კავკასიური უსაფრთხოების გამოწვევების მოგვარებას.
ამასთან, რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე სერგეი ლავროვმა ისიც აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლების წევრები საქართველოსთან ამჟამინდელ ურთიერთობებს მხოლოდ იმ ქართველ პოლიტიკოსებთან ერთად გადახედავენ, რომლებიც რეგიონში შექმნილ ვითარებას რეალურად აფასებენ.