გუშინ, ნიუ იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში, საქართველომ და ლიბერიის რესპუბლიკამ ხელი მოაწერეს ერთობლივ კომუნიკეს დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, სახელმწიფოთა შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ მხარეებმა ერთობლივი წერილით აცნობეს გაეროს გენერალურ მდივანს პან გი მუნს.
ლიბერიის მხრიდან კომუნიკეს ხელი მოაწერა ლიბერიის მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მარჯონ კამარამ, ხოლო, საქართველოს მხრიდან - საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ალექსანდრე ლომაიამ.
"ერთობლივი კომუნიკეს თანახმად, საქართველო და ლიბერია ორმხრივ ურთიერთობებს განავითარებენ გაეროს ფუძემდებლური ნორმებისა და პრინციპების, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენული თანასწორობის პრინციპების შესაბამისად", - ნათქვამია სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ეს უკვე მე-8 სახელმწიფოა, რომელთანაც საქართველო დიპლომატიურ ურთიერთობებს ამყარებს. მანამდე დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა ბოტსვანასთან, ბრუნეისთან, დომინიკის რესპუბლიკასთან, კაბო-ვერდესთან, მარშალის კუნძულებთან, პერუსთან და სენტ ლუჩიასთან.
სულ, გაეროს 191 წევრი სახელმწიფოდან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები დამყარებული აქვს უკვე 130 სახელმწიფოსთან.