საქართველოსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პირველი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.
კონსულტაციებზე, რომელიც თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში მიმდინარეობდა, მხარეები მინისტრის მოადგილეების დონეზე იყვნენ წარმოდგენილნი.
საქართველოს საგარეო უწყების დელეგაციას მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი ხელმძღვანელობდა. თურქმენეთის მხარეს წარმოადგენდა - მინისტრის პირველი მოადგილე ვეპა ხაჯიევი.
კონსულტაციების ფარგლებში შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეხვედრა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრ რაშიდ მერედოვთანაც.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობებისა და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ-კულტურულ სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების სამომავლო პერსპექტივები და კონკრეტული მიმართულებები.
თურქმენეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
ქართულმა და თურქმენულმა მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა რეგულარულად განახორციელონ პოლიტიკური კონსულტაციები ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის.