ჩეჩენი, ჩეხოვი, "ჩემი ცოლის დაქალები" და კიდევ ბევრი რამ...
მსახიობი, რომელიც ცნობილ თეატრში თამაშობს, რომელსაც იღებენ ცნობილი კინორეჟისორები და ლამის ყოველ შაბათ-კვირა ჩანს ასევე ცნობილ ტელესერიალში, წესით, კმაყოფილი უნდა იყოს. თუმცა გიორგი ნაკაშიძეზე ამას ვერ იტყვით. სცენასა და ეკრანის წარმატებული ბალანსის მიუხედავად, რაღაცით ყოველთვის უკმაყოფილოა და როგორც მისი ნაამბობიდან შეიტყობთ, უფრო ახალგაზრდული ენერგიით, თვითკრიტიკულობითა და მუდმივი პერფექციონისტული მისწრაფებით გამოირჩევა, ვიდრე საშუალო ასაკის წარმატებული, გაწონასწორებული და კარგი იმიჯის მქონე მსახიობისთვის დამახასიათებელი თვითდაჯერებულობით.
გიორგი ნაკაშიძეს ერთი შეხედვით, არც გმირი-მსახიობის იმიჯი აქვს, არც სახასიათო როლებისკენ დაუოკებელი ლტოლვით გამოირჩევა და არც განსაკუთრებული ფსიქო-ფიზიკური მონაცემებით, მაგრამ მონდომების, მობილიზებისა თუ შინაგანი დისციპლინის წყალობით ახერხებს, რომ, მაგალითად, ლორენცოს დრამატულ როლს თავისი გასაღები მოუძებნოს (რეჟისორ მიხაილ მარმარინოსის "რომეო და ჯულიეტას" ორიგინალური ვერსია, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრი); ჩეჩენი ტერორისტის როლი ისე ითამაშოს (ზაზა ურუშაძის ახლახან დასრულებული ფილმი "მანდარინები"), რომ ლამის პროდიუსერსაც კი სინამდვილეში ჩეჩენი ეგონოს; ხოლო დიკენსის "ოლივერ ტვისტის" მიხედვით დადგმულ ცნობილ მიუზიკლში "ოლივერ!" (რეჟისორი დავით საყვარელიძე, რუსთაველის თეატრი) ფეიგინის მნიშვნელოვანი როლი 12 დღეში მოამზადოს!
...და კიდევ, მის სამაგიდო წიგნებს შორისაა მიხეილ ჩეხოვისა და მიხეილ თუმანიშვილის ტომები. განსაკუთრებით მოსწონს შონ პენის თამაში კინოში და რეჟისორ მიხაილ მარმარინოსის დოკუმენტურ-მხატვრული კონსტრუირების მეთოდი სცენაზე. კომფორტულად გრძნობს თავს გადასაღებ მოედანზე დიტო ცინცაძესთან და ზაზა ურუშაძესთან.
გიორგი ნაკაშიძესთან საუბარი სწორედ ზაზა ურუშაძის ახლახან დასრულებული ფილმის, "მანდარინების" შესახებ დავიწყეთ:
_ იქნებ უფრო დეტალურად გვიამბო შენი პერსონაჟისა და, ზოგადად, ფილმის შესახებ.
_ ვთამაშობ დაქირავებულ ჩეჩენ "ბოევიკს" მუსას. ის აფხაზეთის ომში ჩადის, დაიჭრება და ტყვედ ჩავარდება, ქართველ მეომართან ერთად, თითქმის მიტოვებულ ესტონელების სოფელში. ფაქტობრივად, ფილმის სიუჟეტი სწორედ ამ ორი მთავარი გმირის, ქართველისა და ჩეჩენი მეომრის ურთიერთობაზეა აგებული, რომლებიც მოსისხლე მტრებიდან მეგობრებად იქცევიან. პირველ რიგში, მადლობა მინდა ვუთხრა ზაზა ურუშაძეს, რომელმაც საინტერესო, ძალიან დამუხტული და დრამატული როლი მაჩუქა. შესანიშნავი სამუშაო პირობები გვქონდა გადასაღებ მოედანზე, მყავდა კარგი პარტნიორები. ქართველ მეომარს, ნიკას, მიშა მესხი თამაშობს, ესტონელ გლეხს _ შესანიშნავი მსახიობი ლემბიტ ულფსაკი, რომელიც ყველა დროის ყველაზე საუკეთესო მსახიობად აღიარეს ესტონეთში. ვისაც ახსოვს ცნობილი ფილმები _ "ტილ ულენშპიგელი" და "მერი პოპინსი", ალბათ, მიხვდება რა დონის მსახიობზეა საუბარი.
_ რატომ დაინტერესდნენ ესტონელი პროდიუსერები ქართული ფილმით? როგორც ვიცი, ამჟამად ესტონური ტელევიზიის ცენტრალურ არხზე "მანდარინების" ვიდეოკლიპსაც კი უჩვენებენ. თუ იცით, როდის გაიმართება ფილმის პრემიერა?
_ ფილმში მოთხრობილ ამბავს, ცხადია, თავისი წინაისტორია აქვს. აფხაზეთში ომის დაწყების შემდეგ ესტონეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა სპეციალური თვითმფრინავი დაიქირავა დარჩენილი ესტონური სოფლების მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით. აფხაზეთში ისტორიულად არსებობდა რამდენიმე ესტონური სოფელი, რომელსაც საკუთარი მეურნეობა ჰქონდა. ომის შემდეგ ძირითადი მოსახლეობა წავიდა. დარჩა მხოლოდ რამდენიმე კაცი, რომლებმაც საკუთარი სახლები არ მიატოვეს. სწორედ ესტონურ სოფელში ხდება მოქმედება და ამდენად, ესტონური მხარის დაინტერესება გასაგებია. თანაც ზაზა ურუშაძის სცენარი საშუალებას იძლეოდა, რომ ერთ-ერთი როლი სწორედ ლემბიტ ულფსაკს ეთამაშა. როგორც ვიცი, ფილმის პრემიერა ოქტომბერში გაიმართება. ჯერ თბილისში, შემდეგ _ ტალინში, ხოლო ოქტომბრის ბოლოს _ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალზე.
_ სად მიმდინარეობდა გადაღება?
_ ძირითადად გურიაში, სოფელ ნატანებში, რომლის ბუნებრივი პირობები ძალიან ჰგავს აფხაზეთისას. არ შემიძლია, არ აღვნიშნო მხატვარ თეა თელიას მართლაც შესანიშნავი ნამუშევარი, რომელმაც დეტალურად შეისწავლა ესტონური სოფლები, სახლები, გარემო. ლამის ყოველი ნივთი. გადამღებმა ჯგუფმა მთელი სოფლის პავილიონი ააგო. საერთოდ, გადაღება კარგად იყო ორგანიზებული. ყველამ ზუსტად იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა და ეს დაგვეხმარა, სწრაფად დაგვესრულებინა სამუშაო. პირველ რიგში, ეს ზაზა ურუშაძის დამსახურებაა. და რაც ჩემთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა _ ამ ფილმის სცენარმა დამაბრუნა ვაჟა-ფშაველას სამყაროში, სადაც არსებობს სტუმარმასპინძლობის, ვაჟკაცობის, ერთმანეთის გატანის, სიტყვის არგატეხის დაუწერელი კანონები.
_ შეიძლება ითქვას, რომ წარმატებული მსახიობი ხარ. დაკავებული ხარ კინოში, თეატრში, სატელევიზიო სერიალში... როლებიც არ გაკლია. გასულ წელს თეატრალური პრემია "დურუჯი" დაიმსახურე მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მიხაილ მარმარინოსის "რომეო და ჯულიეტაში". თუმცა ხშირად მაინც ამბობ, რომ უკმაყოფილო ხარ...
_ როგორც კი მსახიობი, საერთოდ ხელოვანი, თვითკმაყოფილებას ეძლევა, ის შემოქმედებითად ჩერდება. ეს კი ხელის შემშლელია სწორედ პროფესიული განვითარებისთვის. ამიტომ, არ შემიძლია, კმაყოფილი ვიყო. პირიქით, რაც მეტია სამუშაო, უფრო იზრდება აზარტი და ენერგია მემატება. სამუშაო პროცესი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სცენაზეც და კინოშიც.
_ როგორ ფიქრობ, აქვს კი დღეს მსახიობს დიდი არჩევანი?
_ გააჩნია, როგორ შევხედავთ ამ საკითხს. ხშირად მსახიობი სუბიექტური დამოკიდებულების მსხვერპლია და მხოლოდ საკუთარ სურვილებს უქვემდებარებს როლის არჩევას. ეს შეცდომაა, რადგან სწრაფ, დინამიკურ დროში გვიხდება ცხოვრება და ფსიქო-ფიზიკურ შესაძლებლობაზე როლის მორგების ფუფუნება მსახიობს რეალურად აღარ დარჩა. არ ვიცი, იქნებ ზოგიერთი პირიქით, საკუთარ შესაძლებლობას მაქსიმალურად სწორად ანაწილებს და დიდხანს არჩევს როლს. ჩემთვის გაჩერება ტანჯვაა... როცა გავიგე, რომ ფეიგინის როლი უნდა მეთამაშა რუსთაველის თეატრში დადგმულ მიუზიკლში, ძალიან გამიხარდა. მაგრამ ამისთვის მხოლოდ 12 დღე მქონდა! არადა უნდა მესწავლა პარტიტურა, მემღერა, მეცეკვა, თან ტექსტი მომემზადებინა... ეს რთულია, მაგრამ ექსტრემალური ვითარება ზოგჯერ საკუთარი პროფესიონალიზმის შემოწმების კარგ საშუალებას გაძლევს. ეს უფრო მეხმარება, ასე ვთქვათ, სამუშაო რეჟიმში მამყოფებს.
_ ეს გასაგებია, ტელესერიალების გათვალისწინებით. უკვე დიდი გამოცდილება გაქვს, ჯერ "ქაღალდის ტყვია", ახლა "ჩემი ცოლის დაქალები". რა მოვლენაა ეს? რას ნიშნავს სერიალი მსახიობისთვის?
_ სერიალი ვიღაცის ან რაღაცის ახირება არ არის. ეს დროის ნიშანი და მოთხოვნაა. ის შანსს გაძლევს, საკუთარი თავი გამოსცადო. ჩემთვის კარგი სკოლა იყო ჩიჩოს როლი ლევან თუთბერიძის სერიალში "ქაღალდის ტყვია", აკა მორჩილაძის მოთხრობის მიხედვით. ერთ-ერთი მთავარი როლი მქონდა. "ჩემი ცოლის დაქალებში" ადვოკატ პეტრეს ვთამაშობ. არც ისე სასიამოვნო პერსონაჟია, ზოგჯერ პროფესიონალი გაიძვერაა, ზოგჯერ _ სამართლიანი. სცენარის ავტორი ქეთი დევდარიანი კარგად გრძნობს მასალას და გაწაფულია დიალოგების წერაში... როგორც არ უნდა შევაფასოთ, სერიალი საშუალებას გაძლევს, მინიმალური საშუალებით დრო მაქსიმალურად გამოიყენო, იმპროვიზაციას მიმართო, ფანტაზია აამუშავო... მთავარია, კეთების სურვილი და ენერგია დაემთხვეს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ სერიალი ტელეინდუსტრიის ნაწილია.
_ თუმცა სხვა რამეა ტელეინდუსტრია და სხვა არის კინო. საკმაოდ ბევრ ფილმში ითამაშე და მაყურებელი კარგად გიცნობს. და მაინც, ჯაყოს როლმა ყველაზე რადიკალური შეფასება, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
_ ეს ნიშნავს, რომ ვიღაცას მოეწონა, ვიღაც გაბრაზდა, აღელდა. სწორედ ეს მომწონს, რომ მაყურებელს ნორმალური, ცოცხალი რეაქცია აქვს. სხვაგვარად რა აზრი ექნებოდა მსახიობობას? "ჯაყოს ხიზნების" გენიალობა ისაა, რომ უსასრულო ინტერპრეტაციის საშუალებს იძლევა. დავით ჯანელიძეს უფრო სამი მთავარი გმირის _ ჯაყოს, მარგოსა და თეიმურაზის ურთიერთობის დეტალები აინტერესებს და ნაკლებად სოციალურ-პოლიტიკური ფონი. ჯაყო, რომელსაც მიხეილ ჯავახიშვილი "ტყიდან გამოვარდნილ დათვს" უწოდებს, იმიტომ არის საინტერესო, რომ მასში დიდია სასიცოცხლო ენერგია, ვნება და სექსუალურობა. სწორედ უხეში, წამლეკავი და ახალი ძალა უპირისპირდება თავადაზნაურთა კლასს და ანადგურებს მას. მაყურებელმა კარგად იცის ავთანდილ მახარაძის შესანიშნავი როლი თემურ ჩხეიძის ტელესპექტაკლში, თუმცა მე სხვაგვარად ვხედავ ჯაყოს მოტივებს და ხასიათის შტრიხებს. ის ვიტალური, ძლიერი სასიცოხლო ენერგიისა და განადგურების ნიჭით დაჯილდოებული ადამიანია და არც ისეთი პრიმიტიული, როგორც შეიძლება ერთი შეხედვით მოგვეჩვენოს...
_ განადგურების ნიჭით დაჯილდოებული ჯაყო სრულიად განსხვავდება დიტო ცინცაძის ფილმ "მედიატორში" ნათამაშები თქვენი როლისგან.
_ დიტო ცინცაძე ჩემთვის ძალიან ახლობელი და თითქმის იდეალური რეჟისორია, მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე. არა მარტო იმიტომ, რომ მასთან რამდენიმე ფილმში ვარ გადაღებული. მან ზუსტად იცის, რა უნდა მსახიობისგან და გიქმნის ძალიან კომფორტულ, ძალდაუტანებელ სამუშაო ატმოსფეროს. ომისა და ძალადობის თემა კარგად არის ნაჩვენები 90-იან წლებში გადაღებულ ფილმში "ზღვარზე", რომელშიც მთავარი როლი ვითამაშე. რაც შეეხება "მედიატორს", მასში უფრო მეტად იგრძნობა ევროპული კინოს გავლენა. ის რაციონალური, გონებისმიერი კინემატოგრაფის ნაწილია. ისევე როგორც "გასროლის შიში", რომელმაც მას დიდი წარმატება მოუტანა.
_ ...და მაინც, ბევრი თქვენი კოლეგა, ვისაც კინოსა და თეატრს შორის ხშირად უხდება არჩევანის გაკეთება, ამბობს, რომ თეატრი ბოლო ნავსაყუდელია. თქვენთვისაც ასეა თუმანიშვილის თეატრი?
_ ვფიქრობ, სწორი არ არის მსახიობის პროფესიის ასეთი გამიჯვნა _ კინომსახიობი და თეატრალური მსახიობი, თუმცა ამერიკული კინოს გამოცდილება სულ სხვაგვარია. თანაც ჩვენთან არ ისწავლება ცალკე კინომსახიობის ხელოვნება. მიხეილ თუმანიშვილი წლების განმავლობაში მასწავლიდა თეატრალურ ინსტიტუტში და მიუხედავად სტანისლავსკის მეთოდის უპირატესობისა, მაინც აქტიორულ თავისუფლებას. სინამდვილეში ყველა დიდი რეჟისორი თავისებურ, განუმეორებელ მოდელს ქმნის, რომლის მიღმა ისევ ახალი ფორმა და საშუალება უნდა ეძიო. ასე იყო, როცა რობერტ სტურუასთან ვიმუშავე რუსთაველის თეატრში სპექტაკლზე "მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი". ეს სრულიად სხვა გამოცდილება იყო. ჩემთვის დღემდე წარუშლელია რეჟისორ დათო დოიაშვილთან გატარებული წლები თუმანიშვილის თეატრში. 90-იან წლებში, სიცივისა და შიმშილის დროს იშვა საოცრად პოეტური სპექტაკლი "ცხოვრება იდიოტისა", სადაც ასევე მთავარი როლი ვითამაშე. დიდი კვალი დატოვა მიხეილ მარმარინოსთან მუშაობამ. მის სპექტაკლები _ "ეროვნული ჰიმნი", "მედეა: მასალა", "რომეო პლუს ჯულიეტა..."
_ სამწუხაროდ, მიხეილ თუმანიშვილმა ვერ მოასწრო ჩეხოვის "ალუბლის ბაღის" დასრულება, რომელშიც ერთ-ერთ როლს ასრულებდი...
_ დიახ, მიხეილ თუმანიშვილის ვერსია უაღრესად საინტერესო და განსხვავებული იყო. იაშას როლი უნდა მეთამაშა. რეპეტიციები ძალიან დიდხანს გაიწელა. ხან ერთ მსახიობს არ ეცალა, ხან _ მეორეს. მოკლედ, ბატონმა მიშამ სპექტაკლი ვერ დაასრულა. მხოლოდ მისმა მოსწავლემ, გოგი მარგველაშვილმა, მისი ხსოვნის პატივსაცემად დადგა "ალუბლის ბაღი", რომელშიც უკვე სხვა როლს ვთამაშობდი, პეტია ტროფიმოვს _ "მუდმივ სტუდენტს", უქნარას, მემარცხენეს, რადიკალურს, მეოცნებეს... ერთი სიტყვით, ცოტათი ჰიპსა და "ყვავილების თაობის" გადმონაშთს.
_ გაქვს საყვარელი ფრაზა, სლოგანი ან დევიზი?
_ ბევრი დიდი ადამიანის აზრი თუ ფრაზა მომწონს, თუმცა ფოტოგრაფ ჰელმუტ ნიუტონის გამონათქვამი რატომღაც, ყველაზე მეტად დამამახსოვრდა: "ფოტოკამერა არის ჩემი ფარი, რომელიც მიცავს ყოველგვარი შემოტევისას". სცენა და ფიცარნაგი ჩემი ფარია.
დავით ბუხრიკიძე
გაზეთი პრემიერი (#4 25სექტმებერი- 1 ოქტომბერი)