თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალზე რობერ ლეპაჟის სპექტაკლი უჩვენეს
დიდი კანადელი რეჟისორის, რობერ ლეპაჟის სახელი და, ასევე, შედევრად შერაცხული მისი სპექტაკლი "მთვარის შორეული მხარე", შესანიშნავი სარეკლამო სატყუარაა ნებისმიერი ფესტივალისთვის. სწორედ ამ წარმოდგენით გაიხსნა თბილისის მეხუთე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი. იქნებ იმიტომ, რომ ხარისხის ნიშანი ყოველთვის უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე თუნდაც თავზეხელაღებულ ახალგაზრდა რეჟისორთა უსისტემო და გაბედული თარეში.
ცხადია, თბილისის ფესტივალს სხვა ფავორიტებიც ჰყავს: გაბედული და ექსტრემალური რეჟისორი მაია კლეჩევსკა, რომლის "მაკბეტი" დარწმუნებული ვარ, შოკს მოჰგვრის მაყურებელს (ისევე როგორც, გასულ წელს წარმოდგენილმა "ღმერთების სიკვდილმა"), ევროპაში ძალიან წარმატებული რუმინელი რეჟისორი სილვიუ პურკარეტე, რომლის დასი "რადუ სტანსა" ორი სპექტაკლით ჩამოდის თბილისში ("გოდოს მოლოდინში" და "გულივერის მოგზაურობა") და იტალიელი პიპო დელბონო, ერთ დროს პინა ბაუშის დასის წევრი და ალტერნატიული თეატრალური ენისა და სივრცის მოტრფიალე (თეატრალები ნახავენ მის სპექტაკლს "ბრძოლის შემდეგ").
და აქვე რობერ ლეპაჟი... რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, მთხრობელი. მრავალი თეატრალური ფესტივალის მონაწილე და დედამიწაზე თითქმის ყველა ცნობილი თეატრალური პრემიის ლაურეატი. მისი უნივერსალური, პოეტური და დახვეწილი ირონიით გაჯერებული წარმოდგენის "ტესტირება" რუსთაველის თეატრში დაახლოებით ორი საათისა და ოცი წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა და გულგრილი, ალბათ, არავინ დაუტოვებია.
"მთვარის შორეული მხარე" დაახლოებით ათი წლის წინათ დაიდგა, თავად ლეპაჟი თამაშობდა. თუმცა კარგა ხანია, ის შესანიშნავი აქტიორული ტექნიკის მქონე ივ ჟაკმა შეცვალა, რომლის თამაში რუსთაველის სცენაზე ასევე გულწრფელობის, ირონიისა და პოეზიის ნაზავით გამოირჩევა.
ორმოცი წლის ფილიპი კულტურის ფილოსოფოსია და დისერტაციას ამზადებს თემაზე _ რა გავლენას ახდენს მეცნიერული აღმოჩენები კოსმოსზე. სინამდვილეში ის განუხორციელებელი ოცნებით, კოსმოსში მოგზაურობითაა შეპყრობილი. თუმცა ყველაფერში ხელმოცარულია: გარდაეცვალა დედა, ვერ იცავს დისერტაციას, არ უმართლებს სამსახურსა და პირად ცხოვრებაში. მას უარს ეუბნებიან უნივერსიტეტსა და სარეკლამო სააგენტოში.
სინამდვილეში სპექტაკლის გმირის ერთფეროვან ცხოვრებაშიც და წარმოსახვაშიც უმთავრესი კოსმოსია. ვიდეოპროექციით ეკრანზე ჩნდება ციოლკოვსკის ბავშვობისდროინელი ფოტო. შემდეგ ალექსეი ლეონოვის კადრები მთვარეზე, გაგარინი კოსმოსში გაფრენის წინ, 1975 წელს "სოიუზ-აპოლონის" ოპერაცია, გატრუნული საბჭოთა მოსწავლეები, რომლებიც რადიომიმღებით სერგეი კოროლიოვს უსმენენ... ასევე, ირკვევა, რომ კოსმოსური სივრცის ათვისებაში მთავარ მეტოქეებს _ ამერიკასა და საბჭოთა კავშირს შორის ფილიპი სიმპათიებს უფრო რომანტიკოსი საბჭოთა "კოსმონავტების" მიმართ ამჟღავნებს და ნაკლებად მოსწონს პრაგმატული ამერიკელი "ასტრონავტები".
ფილიპი ამაოდ ელოდება კოსმონავტ ლეონოვს ბარში, დააგვიანებს კონფერენციაზე მოსკოვში (მიუხედავად იმისა, რომ გაფრენის ეშინია), წაეჩხუბება "ერთადერთ დარჩენილ ნათესავს", ძმას. მის ბინაში უწყლობისგან კვდება ოქროსფერი თევზი სახელად "ბეთჰოვენი". წარუმატებელი, მაგრამ მუდამ რომანტიკოსი ფილიპი "ჰოუმ-ვიდეოსაც" იღებს, რომელსაც წარადგენს კონკურსზე _ "საუკეთესო რეპორტაჟი დედამიწის შესახებ უცხოპლანეტელებისთვის". და ეს, ალბათ, მისი ერთადერთი წარმატებაა ცხოვრებაში.
"მთვარის შორეული მხარე" უცნაურად აერთიანებს მონოლოგსა და აღსარებას. საკუთარ პროზაულ ცხოვრებაზე ფილიპი უინტერესოდ ყვება, თითქოს მაყურებელს ანგარიშს აბარებს. კოსმოსის შესახებ კი _ პოეტური აღფრთოვანებითა და მორიდებით. მაგრამ ყოველთვის სხარტი ირონიით. მიწიერ და კოსმიურ ცხოვრებას ლეპაჟი თეატრალური ფანტაზიით აღავსებს. სარეცხი მანქანის მრგვალი კარი ზუსტად ერითმება კოსმოსური ხომალდის ილუმინატორსა და საათის ციფერბლატს, საუთოო მაგიდა უმალ "გარდაიქმნება" ფიტნეს-კლუბში დადგმულ სავარჯიშოდ, ხოლო აკვარიუმი მოულოდნელად იქცევა იდუმალ, სავსე მთვარედ. რეჟისორი მინიმალისტური ხერხებით გარდაქმნის სცენურ "შავ კვადრატს" ხან პატარა ბინად, ხან თვითმფრინავის სალონად, ხან მოსაცდელად. განათების სულ უბრალო ცვლილება და დახუთული ბინიდან ღია კოსმოსში გადიხართ...
ლეპაჟი მხოლოდ ორჯერ იყენებს გიგანტურ სარკეს. ჯერ სპექტაკლის დასაწყისში, როცა მაყურებელი საკუთარ ანარეკლს ხედავს და შემდეგ ფინალში _ როცა ფილიპი სცენაზე გორავს, მაგრამ სარკის წყალობით იქმნება შთაბეჭდილება, რომ მისი სხეული უწონადობაში ლივლივებს! ამ ყველაფერს კი ბეთჰოვენის "მთვარის სონატის" ტაქტები საოცრად პოეტურ და ამავე დროს ფაქიზ ირონიას სძენს.
სხეული ცვდება, უძლურდება, ავადდება, ფერფლად იქცევა, ციოლკოვსკის ბავშვობის ფოტო და გაგარინის ღიმილი _ არასოდეს! ლეპაჟის იდუმალი და ამავე დროს ძალიან პირადული სპექტაკლი (რეჟისორმა ის დედის გარდაცვალებას მიუძღვნა) მიწისა და მთვარის მოკრძალებულ გაბაასებასაც ჰგავს... ვინ იცის, იქნებ აღთქმული მიწის საძიებლად, გაგარინის მსგავსად, ჯერ აღთქმულ მთვარეზე უნდა გაემგზავრო?!
დავით ბუხრიკიძე
გაზეთი პრემიერი (#4 25სექტმებერი- 1 ოქტომბერი)