ხვალ, 1-ელ ოქტომბერს, 12:00 საათზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (რუსთავის) მე-17 დაწესებულებაში გაიმართება უპრეცედენტო, ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსის - „კალამის" დასკვნითი ღონისძიება.
ღონისძიებაზე დასახელდებიან კონკურსში გამარჯვებული მსჯავრდებულები და მათ გადაეცემათ სიგელები, სიმბოლური პრიზები და ფულადი ჯილდოები.
გამოვლინდება სულ 6 გამარჯვებული, მათ შორის სამი საუკეთესო პროზაული და ამდენივე პოეტური ნაწარმოების ავტორი. ღონისძიება დაწესებულების ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ გაიმართება. მას, ორგანიზატორებთან და ჟიურის წევრებთან ერთად, დაესწრებიან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამინისტროების პირველი პირები და 1500 მსჯავრდებული. გამარჯვებულ ავტორებს, რომლებიც სასჯელს საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საპატიმრო დაწესებულებაში იხდიან, პრიზებს მსახიობები - ზურაბ ყიფშიძე და ნინო ხომასურიძე გადასცემენ. ღონისძიების წამყვანია მსახიობი ბაჩო ჩაჩიბაია.
ჟიურის წევრებიც ფარული კენჭისყრით მსჯავრდებულებმა აირჩიეს. კენჭისყრის შემდეგ, ხმათა უმრავლესობით ჟიურის წევრები გახდნენ: დავით ტურაშვილი, რატი ამაღლობელი და თეონა დოლენჯაშვილი. კონკურსის დახურვის დღესვე მსჯავრდებულებს შესაძლებლობა მიეცემათ ჟიურის წევრებს (დავით ტურაშვილი, რატი ამაღლობელი და თეონა გოგნიაშვილი) პირადად გააცნონ საკუთარი შემოქმედება და - პირიქით.
ლიტერატურული კონკურსის დასკვნით ეტაპზე გამართულ ღონისძიებას დახურავს ქართული ლეგენდარული ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები", რომლებიც 40 - წუთიან პროგრამას წარმოადგენენ.
პატიმრებისთვის ყოველწლიურ ლიტერატურული კონკურსი არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიტივმა", სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან ერთად, 25 ივლისიდან საქართველოს მასშტაბით სასჯელაღსრულების 18 დაწესებულებაში დაიწყო. პროექტის თანაორგანიზატორი იყო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაც. 4 - თვიანი პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა.
ლიტერატურული კონკურსის დასრულების შემდეგ, გამარჯვებული ავტორების ნაწარმოებები გამოიცემა წიგნად, რომელსაც საგამომცემლო სახლი „საუნჯე" უზრუნველყოფს. საზოგადოებისთვის წიგნის წარდგენა გაიმართება 15 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საპრეზენტაციო დარბაზში. პროექტი მიიღებს ტრადიციულ სახეს და ის საპატიმრო დაწესებულებებში ყოველწლიურად ჩატარდება, რაც ხელს შეუწყობს მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის პროცესს.