"ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანია თავისი ამომრჩევლის ხმას ყველა სამართლებრივი ბერკეტით დაიცავს. ამის შესახებ "ალიანსის ლიდერმა დღეს, კალათბურთის სასახლეში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას განაცხადა.
ალასანიას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა კითხვა დაუსვა, დაიცავდა თუ არა "ალიანსის" ლიდერი თავისი ამომრჩევლის ხმას არჩევნების გაყალბებეის შემთხვევაში.
"ჩვენს ხმებს დავიცავთ ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებით და იმ მანდატით, რასაც ქართული საზოგადოება გადმოგვცემს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
"ალიანსის" ლიდერმა საქართველოში რევოლუციის ფენომენზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რევოლუცია ადამიანების შეგნებაში უნდა მოხდეს და არა ქუჩაში.
"ბევრი ლაპარაკია რევოლუციაზე, მე ვაცხადებ, რომ რევოლუცია ჩვენს ცნობიერებაში უნდა მოხდეს რათა დავიჯეროთ, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია", - აღნიშნა ალასანიამ.