საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან დაკავშირებით პოლიტიკური ოპონენტების არგუმენტებს "არაკომპეტენტურად" მიიჩნევს.
"ლარსის გამშვები პუნქტის გახსნით ქვეყანაში მდგომარეობა არანაირად არ შეიცვლება და სამწუხაროა, რომ ხელისუფლების ოპონენტებს კომპეტენტური არგუმენტები არ გააჩნიათ", - განცხადება ამის შესახებ ბოკერიამ დღეს, პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მისივე განმარტებით, აღნიშნულის თქმის საფუძველს "საღი აზრი და ელემენტარული ლოგიკა" აძლევს.
"ჩემთვის გაუგებარია, ხელისუფლების ოპონენტები რა ლოგიკით უკავშირებენ ამ ფაქტს მოსალოდნელ სამხედრო აგრესიის საფრთხეს. ვისურვებდი, რომ ოდნავ უფრო კომპეტენტური კითხვები ჰქონოდათ და ამ სხდომის გამართვამდე გარკვეულიყვნენ საქმის არსში. ვისაც ვიზა არ აქვს, იგი ქვეყანაში ვერ შემოვა. ეს ეხება საქართველოს და რუსეთის მოქალაქეებსაც და თუკი ვიზა აქვს, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს საიდან შემოვა. არ მესმის რა არის ამაში გაუგებარი", - განაცხადა ბოკერიამ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც ის "ქრისტიან-დემოკრატების" ინიციატივით მიიწვიეს.