მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" პენსიების მხოლოდ თბილისელი პენსიონერების გაზრდას უკანონობად მიიჩნევს და მოითხოვს, 10-ლარიანი დანამატის პროგრამა მთელი საქართველოს მასშტაბით ამოქმედდეს.
აღნიშნული საკითხი ზურაბ ნოღაიდელის პარტიის ჩოხატაურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აკაკი ჩხიკვიშვილმა და მისმა მოადგილე მამია ბარამიძემ, ასევე მოძრაობის გურიის რეგიონის კოორდინატორმა გია სალუქვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დააყენეს.
მათი განცხადებით, უსამართლობა და დისკრიმინაციაა ის, რომ 1-ელი მარტიდან პენსიების გაზრდა და პედაგოგებისთვის გათვალისწინებული შეღავათები მხოლოდ თბილისის მოსახლეობაზე ვრცელდება. აღნიშნულ კონტექსტში მათ კატეგორიულად მოითხოვეს, რომ პენხიების გაზრდა და სოციალური შეღავათები საქართველოს ყველა მოქალაქეზე, მათ შორის, გურიის რეგიონის მოსახლეობაზეც, გავრცელდეს.