ე.წ. პოლიტპატიმრების მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მომავალი კვირიდან საქართველოს რეგიონებშიც მოეწყობა.
ამის შესახებ აქციის ორგანიზატორი პარტიების ლიდერებმა დღეს, მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრთან" გამართულ მიტინგზე განაცხადეს.
"უკანონო პატიმრების მხარდაჭერა არის ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი და ამ ვალს მოვიხდით, რა წინააღმდეგობაც არ უნდა შეგვხვდეს", - აცხადებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.
აღსანიშნავია, რომ მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის", "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების წინააღმდეგ პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს და აცხადებს, მათ დღევანდელი მიტინგის ერთ-ერთი მონაწილე, "კონსერვატიული პარტიის" წარმომადგენელი კონსტანტინე ჩიქოვანი ცემეს.
"საპროტესტო მსვლელობის დროს, სახელისუფლებო პარტიამ პროვოკაციას მიმართა - "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების ჯგუფმა პლაკატები დაუხია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა "კონსერვატიული პარტიის" წარმომადგენელ კონსტანტინე ჩიქოვანს", - ნათქვამია ზურაბ ნოღაიდელის მოძრაობის განცხადებაში.