დღეს, 4 მარტს პარლამენტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერიას ელოდებიან.
ბოკერია საკანონმდებლო ორგანოში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, "ქრისტიან-დემოკრატების" მოთხოვნითაა დაბარებული. ის დეპუტატების შეკითხვევს ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის განხსნასთან დაკავშირებით უპასუხებს.
აღსანიშნავია, რომ ბოკერიას გარდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში შსს-ს წარმომადგენელსაც ელოდებიან.
საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა 15:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ "ქრისტიან-დემოკრატები" დარიალის პუნქტის გახსნაში გარკვეულ რისკებსა და საფრთხეებს ხედავენ, რის გამოც მის ამოქმედებას აპროტესტებენ.
როგორც ცნობილია, ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, რომელიც მოსკოვის ინიციატივით სამი წლის განმავლობაში ჩაკეტილი იყო, 1-ელი მარტიდან ამოქმედდა.