მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრთან" უკანონო პატიმრების მხარდამჭერი მორიგი აქცია გაიმართა.
აქციის ორგანიზატორები "კონსერვატიული პარტია" "ხალხის პარტია" და "მოძრაობა სამართლიანი საქართველო" იყვნენ.
პარტიების ლიდერების განცხადებით, აქციებს პერმანენტული ხასიათი ექნება და გაგრძელდება მანამ, სანამ ერთი უკანონო პატიმარი მაინც იჯდება ციხეში.
"ჩვენი მიზანია არამარტო პოლიტმატიმრების, არამედ ყველა უკანონო პატიმრის გათავისუფლება," - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
კახა კუკავას თქმით კი, აქციები ყოველკვირეული იქნება და ის ხუთშაბათობით, თბილისის სხვადასხვა უბანში ჩატარდება.
აქციაზე ოპოზიციურმა ლიდერებმა ნინო ბურჯანაძის რუსეთში წასვლასთან დაკავშირებითაც გააკეთეს განცხადება. მათ ერთხმად დაუჭირეს მხარი ბურჯანაძის ამ გადაწყვეტილებას.
"ეს ბურჯანაძის მხრიდან გაბედული ნაბიჯია. მივესალმებით, ვინც ეროვნულ ინტერესებს ემსახურება. ნინო ბურჯანაძის ეს ნაბიჯი წაადგება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დარეგულირებას," - განაცხადა კობა დავითაშვილმა.
დღევანდელი აქცია მსვლელობით გაგრძელდა. ოპოზიციური პარტიების აქტივისტებმა ქუჩებში პლაკატებიც გამოაკრეს.