რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი თემურ იაკობაშვილის აშშ-ში ვიზიტს აჯამებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, შეერთებულ შტატებში ერთკვირიანი ვიზიტის მიზანი საქართველოს მთავრობის სახელმწიფო სტრატეგიის: "ჩართულობა თანამშრომლობის გზით" წარდგენა იყო.
თემურ იაკობაშვილმა შეხვდრები გაეროს განვითარების პროგრამის დირექტორის მოადგილე რებეკა გრინსპანთან, ევროკავშირის, აფრიკის კავშირის და ლათინური ამერიკის ქვეყნების ჯგუფებთან გამართა.
"ელჩები მიესალმნენ საქართველოს სწრაფვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობისკენ მიმართულ სამოქმედო გეგმის შემუშავებას და განხორციელებას, აგრეთვე მყარი მხარდაჭერა გამოხატეს არაღიარების პოლიტიკისადმი", - ნათქვამია იაკობაშვილის აპარატის განცხადებაში.
გარდა ამისა, ვაშინგტონში თემურ იაკობაშვილმა სტრატეგია განიხილა პრეზიდენტ ობამას თანაშემწესა და ევროპის საკითხებში ეროვნული უშიშროების საბჭოს უფროს დირექტორ ელიზაბეტ შერვუდთან, ასევე პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვილიამ ბერნსთან.
"ამერიკის შეერთებული შტატები ასევე მიესალმება საქართველოს მთავრობის ხედვასა და სტარატეგიაში ასახულ პრიორიტეტებს. მათ გამოხატეს სრული მხარდაჭერა და მზადყოფნა სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში", - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა კოლუმბიის უნივერსიტეტში საჯარო ლექციაც წაიკითხა, შემდეგ კი აკადემიური წრეების და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ასევე მონაწილეობა მიიღო ექსპერტებთან დებატებში.
თემურ იაკობაშვილი შეერთებულ შტატეტში 20-27 თებერვალს იმყოფებოდა.