საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, იგი ქვეყნის განათლების სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად საჭირო სამუსაობის ჩატარების და სათანადო ორგანოებისთვის ან სამიზნე ჯგუფებისთვის კონკრეტული რეკომენდაციების შესამუშავებლად საზოგადოებრივ სექტორში გააგრძელებს მოღვაწეობას.
როგორც ზურაბიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, მუშაობას ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილთან და საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელ ელენე ხოშტარისან ერთად აპირებს, თუმცა ჯერ ჯერობით მისთვის უცნობია ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის სახელის ქვეშ გაერთიანდებიან თუ სამი განსხვავებული ორგანიზაციის ერთობლივად მუშაობის შედეგად განახორციელებენ შესაბამის პროექტებს.
"ჩვენ კონკრეტული ინიციატივა და გეგმები გვაქვს ამ კუთხით ნაბიჯების გადასადგმელად. ალბათ უფრო არასამთავრობო ორგანიზაციის ფორმატში ვიმუშავებთ, ღუმცა ერთი ორგანიზაცია გვექნება თუ სხვადასხვა 3, ეს საკითხი ჯერ ჩამოყალიბების პროცესშია. უფრო მეტი კონკრეტიკა ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი. ეს პრინციპში ორიენტირებული იქნება ძირითადად საგანმანათლებლო და კულტურული კუთხით მუშაობაზ. იქნება არმზრდელობითი ფუნქციის პროექტებიც სხვადასხვა საკითხების გადასაჭრელად. შესაძლოა, სპეციალური გადამზადების პროგრამები ჩატარდეს საგანმანათლებლო სექტორში მომუშავე კადრებისთვის თუ მოსწავლეების და სტუდენტებისთვის. ასევე, ვაპირებთ უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან აქტიურ თანამშრომლობასაც,"- განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" დავით სურაბიშვილმა.
ცნობისთვის, განათლების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ დავით ზურაბიშვილმა, ფილოსოფოსმა ზაზა ფირალიშვილმა და საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ განათლების რეფორმის თაობაზე ინიციატივა გამოთქვეს და სპეციალური ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელსაც "ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ:
"განათლების სისტემის სერიოზული რეფორმირების საჭიროება საქართველოში, ძნელია გადაჭარბებით შეაფასო. თანამედროვე მსოფლიოში მხოლოდ ის ქვეყნები თუ შეძლებენ ღირსეული ადგილის დამკვიდრებას, სადაც ცოდნაზე დამყარებული საზოგადოებაა და სადაც განათლება არის სახელმწიფოს უპირველესი პრიორიტეტი. ქართული სახელმწიფოს სტრატეგიული მიზანიც - ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაცია შეუძლებელია განხორციელდეს, თუ ჩვენი განათლების სისტემა არ იქნება ევროპული სტანდარტების შესაბამისი და არ უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი კადრების გამოშვებას. განათლების სფეროში არსებული პრობლემები გვეხება ყველას, მიუხედავად ჩვენი სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობისა თუ პოლიტიკური სიმპატიებისა. აქედან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია რეფორმების პროცესში საზოგადოების აქტიური ჩართულობა და მონაწილეობა. განათლების თემა უნდა იყოს საზოგადოებრივი კონსენსუსის ერთ-ერთი წერტილი და ამ თემაზე დისკუსიები გავიდეს პარტიული და პოლიტიკური დაპირისპირებების კონტექსტიდან. მიგვაჩნია, რომ ეს არის ზეპოლიტიკური თემა და ჩვენი ერთობლივი პოზიციაც ამგვარი მიდგომის. ამ მიზნით ვითანამშრომლებთ სახელმწიფოსთანაც, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. არასამთავრობო სექტორსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. დღეს განათლების სისტემაში ბევრი პრობლემა და გამოწვევაა. 25 წლის წინ ჩვენ ჩავიბარეთ საბჭოური მემკვიდრეობა. ჩავიბარეთ სისტემა, რომელიც მთლიანად მისადაგებული იყო ტოტალიტარულ რეჟიმთან. სამწუხაროდ, მთელი ამ ხნის მანძილზე, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ცვლილებები განხორციელდა, ვერა და ვერ მოხერხდა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლების სისტემის ჩამოყალიბება. კარგად გვესმის, რომ ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, რომელიც ვერ გადაიჭრება ერთ და ორ წელიწადში. ასევე კარგად გვესმის, რომ განათლების სისტემის რეფორმირება მოიცავს სხვადასხვა ასპექტებს და ყველა მიმართულებით არსებობს გარკვეული პრობლემები, მაგრამ ამჯერად ჩვენი ყურადღება გვსურს მივაპყროთ ერთ მომენტს. განათლების სისტემაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საშუალო განათლებას, რამდენადაც სკოლას აქვს არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ აღმზრდელობითი ფუნქციაც. სკოლა არის ის ადგილი, რომელიც უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანის მოქალაქეობრივი ცნობიერებისა და ღირებულებების სისტემის ფორმირებაზე. თუმცა, საშუალო განათლების სისტემას საქართველოში, გარდა ცალკეული ნაკლოვანებებისა, აკლია მთავარი - კონცეპტუალური საფუძველი, ზოგადი მიდგომა, რომელიც მოიცავდა მთელ საგანმანათლებლო და აღმზრდელობით ასპექტებს. ასეთი მიდგომის ერთ-ერთი მიზანი, ჩვენი აზრით, უნდა იყოს სასწავლო პროცესის იმგვარად წარმართვა, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს სკოლის მერხიდანვე ჰქონდეთ შეთვისებული - საქართველო არის დიდი კულტურული სივრცის, ევროპული ცივილიზაციის ორგანული ნაწილი. გახსნილი ურთიერთობა სხვა კულტურებთან ყოველთვის უფრო მდიდრულს და მრავალფეროვანს ხდიდა ქართულ კულტურას. ჩვენი ისტორიული ტრადიცია არის კულტურის ღიაობა და არა იზოლაციონიზმი. ამ მიზნით ჩვენ ვითანამშროლებთ ყველა დაინტერესებულ უწყებასთან, ორგანიზაციასთან თუ მოქალაქეთა ჯგუფთან. მიგვაჩნია, რომ პირველ რიგში, სწორედ განათლების სისტემის მეშვეობით უნდა მოხდეს ჩვენი კულტურული ცნობიერების იმ ბუნებრივი მდგომარეობის აღდგენა, რომელიც თავის დროზე ქართული სახელმწიფოებრიობის კრახის შედეგად დავკარგეთ. ვფიქრობთ, ასეთი კონცეპტუალური მიდგომა სერიოზულად შეუწყობს ხელს ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას, ევროპულ კულტურასთან ურთიერთობის ტრადიციის, საკუთარი თავის მის კონტექსტში გააზრების აღდგენას და, საბოლოო ჯამში, თავისუფალი, დამოუკიდებლად მოაზროვნე პიროვნების ჩამოყალიბებას, რაც საშუალო განათლების უმთავრესი მიზანია", - ნათქვამია განცხადებაში.