უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა წერილზე, რომელიც მან ამერიკელ კოლეგა დონალდ ტრამპისა და აშშ-ის კონგრესის წევრებს გაუგზავნა და რომელშიც უკრაინაში საჰაერო თავდაცვის საშუალებების დეფიციტზეა საუბარი.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უცხოელი ლიდერები ძალიან იშვიათად მიმართავენ ერთდროულად წერილით როგორც აშშ-ის პრეზიდენტს, ისე კონგრესს.
„მაგრამ ახლა სიტუაცია ასეთია: საჭიროა მოქმედება - ოპერატიული და შედეგიანი მოქმედება. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკამ უკრაინას მოუსმინოს. გვესმის, რომ მსოფლიოს ყურადღების დიდი ნაწილი ირანში ომზეა მიპყრობილი, თუმცა ომი, სისხლისმღვრელი ომი ევროპაშიც უნდა დასრულდეს, რომელიც უკვე მეხუთე წელია სრულმასშტაბიანად გრძელდება“, - განაცხადა მან.
პრეზიდენტის თქმით, რაც უფრო სწრაფად მიიღებს უკრაინა ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვის საშუალებებს, „მით უფრო სწრაფად შევძლებთ დიპლომატიის ამოქმედებას“.
„ვიდრე რუსეთი რაკეტებზეა დამოკიდებული, მისი ინტერესი დიპლომატიის მიმართ არაგულწრფელია. ეს უნდა შევცვალოთ. და ამის შეცვლა მხოლოდ ერთად, ამერიკასთან ერთად შეგვიძლია. უკრაინა მადლიერია ამერიკის სრული მხარდაჭერისთვის. კიდევ უფრო მადლიერი იქნება ღირსეული მშვიდობისა და გარანტირებული უსაფრთხოებისთვის. ეს ყველაფერი შესაძლებელია, თუ საკმარისი სიმტკიცე იქნება“, - თქვა ზელენსკიმ.