ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წერილი გაუგზავნა, რომელშიც გააფრთხილა უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემების, განსაკუთრებით კი ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო საშუალებების დეფიციტის გაღრმავების შესახებ.
ინფორმაციას Kyiv Independent ავრვცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ზელენსკიმ ტრამპს მიმართა რუსეთის მხრიდან მასირებული საჰაერო თავდასხმებისა და კიევზე ახალი შორ მანძილზე მოქმედი დარტყმების მუქარის ფონზე, მათ შორის იმ ობიექტებზე, რომლებსაც მოსკოვი უკრაინის „გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებად“ მოიხსენიებს.
„სარაკეტო საჰაერო თავდაცვის საკითხში ჩვენ ჩვენს მეგობრებზე, ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვის საკითხში კი თითქმის სრულად შეერთებულ შტატებზე ვართ დამოკიდებული“, - ნათქვამია წერილში.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა დმიტრო ლიტვინმა დაადასტურა, რომ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის საშუალებების დეფიციტის შესახებ წერილი როგორც ტრამპს, ისე აშშ-ის კონგრესსაც გაუგზავნა.
„დიახ, წერილი გაეგზავნა აშშ-ის პრეზიდენტსაც და კონგრესსაც - ორი ადრესატია“, - განუცხადა ლიტვინმა ჟურნალისტებს.
გამოცემის ცნობით, უკრაინელი ოფიციალური პირები შიშობენ, რომ Patriot-ის ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებისა და დასავლეთის მიერ მიწოდებული სხვა სისტემების შეზღუდული მარაგი შესაძლოა დაბომბვების მოსაგერიებლად საკმარისი არ აღმოჩნდეს.
„სარაკეტო თავდაცვის მხრივ სიტუაცია მართლაც რთულია“, - განუცხადა გამოცემას საკითხში გარკვეულმა ერთ-ერთმა წყარომ.
წყაროს თქმით, წერილი თეთრ სახლს, წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონისა და კონგრესის სხვა წევრებსაც გაეგზავნა.
წერილში ასევე საუბარია კიევის მზარდ შეშფოთებაზე უკრაინის პრიორიტეტული საჭიროებების პროგრამის (PURL) ფარგლებში იარაღის მიწოდების სირთულეების გამო. ეს პროგრამა ნატო-ს მოკავშირეებს უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესყიდვის დაფინანსების საშუალებას აძლევს.
„PURL-ის პროგრამის ფარგლებში მიწოდების ამჟამინდელი ტემპი უკვე აღარ შეესაბამება იმ საფრთხის რეალობას, რომლის წინაშეც ვდგავართ. გთხოვთ დახმარებას უკრაინის საჰაერო სივრცის რუსული რაკეტებისგან დასაცავად“, - ნათქვამია წერილში.
„მე, უკრაინელი ხალხის სახელით, პატივისცემით ვთხოვ აშშ-ის პრეზიდენტსა და კონგრესს, არ შეწყვიტონ მხარდაჭერა“, — წერია დოკუმენტში.
ამასთან, წერილში ხაზგასმულია Patriot PAC-3-ის ტიპის რაკეტებისა და დამატებითი სისტემების მიწოდების აუცილებლობა, რათა შესაძლებელი გახდეს რუსული ბალისტიკური და სხვა ტიპის სარაკეტო შეტევების შეჩერება.