"ალიანსი საქართველოსთვის" საქართველოში მცხოვრებ ყველა დედას ულოცავს "დედის დღის" დღესასწაულს და აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში დედების უფლებები დაუცველია. ამის შესახებ "ალიანსი საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა "მემარჯვენეების" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო წლებში "შრომის კოდექსის" შემოღებით და მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც მოსახლეობის სოციალური დაცვის სფეროში გაატარა, ფაქტობრივად, დისკრიმინაციულ პირობებში ჩააყენა დედები. საქართველოში არსებული მწვავე დემოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელია ხელისუფლებამ ქალების მიმართ ხელშეწყობის პროგრამები განახორციელოს. ამის ნაცვლად ხელისუფლებამ პრაქტიკულად მოტივაცია დაუკარგა ქალებს, გააჩინონ და გაზარდონ ბავშვები. ხელისუფლების მხრიდან აქტიურად რეკლამირებული სახელმწიფო პროგრამა "ღირსეული მომავალი", რომლის მიხედვითაც სახელმწიფო სპეციალური ფონდებიდან უზრუნველყოფდა ახალგაზრდა ოჯახების დახმარებას თითოეულ ახალშეძენილ შვილზე, უმწვავესი დემოგრაფიული კრიზისის ფონზე სახელმწიფომ სრულიად გაუმართლებლად მრავალშვილიანად დააკანონა და შეღავათები დააწესა დედებზე, რომელთაც ჰყავთ 7 და მეტი არასრულწლოვანი შვილი და არა სამი, როგორც ადრე იყო", - განაცხადა სუბარმა.
"ალიანსს საქართველოსთვის" კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნია დედების მიმართ სახელმწიფოს ასეთი დამოკიდებულება და აცხადებს, რომ ქვეყანაში უნდა გატარდეს ისეთი დემოგრაფიული პოლიტიკა, რომელიც მაქსიმალურად ხელსაყრელ პირობებს შეუქმნის ქალებს, ერთმანეთს შეუთავსონ აქტიური შრომითი და საზოგადოებრივი საქმიანობა და შვილების აღზრდა.