მომავალი კვირიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას განახლებული მინისტრთა კაბინეტი ეყოლება.
როგორც აფხაზეთის მთავრობის ახლადდანიშნულმა თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, უკვე დაწყებულია კონსულტაციები ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა კაბინტის ახალი წევრების შესარჩევად.
"ერთკვირიანი ვადა მაქვს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსთვის მთავრობის წევრების შემადგენლობის წარსადგენად. ჯერ-ჯერობით არ ვართ ჩამოყალიბებული საბოლოოდ, თუმცა გარკვეუილი შეხვედრები უკვე იყო და უახლოეს მომავალში ჩამოვყალიბდებით. აფხაზეთის განახლებული მთავრობა უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების შედეგად დაკომპლექტდება. ვფიქრობ, მომავალი კვირისთვის უკვე ჩამოყალიბებული ვიქნებით საბოლოოდ,"- განაცახდა ვახტანგ ყოლბაიამ.
რაც შეეხება აფხაზეთის მთავრობის ამჟამინდელ მინისტრთა კაბინეტის წევრებს, ყოლბაიას თქმით, ჯერ-ჯერობით უჭირს თქმა, რომელიმე მათგანი იქნება თუ არა მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში.
"ჯერ არ მქონია შეხვედრები ძველ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან, ბუნებრივია, გამოცდილი ადამიანები არიან და ყველას გამოყენება შეიძლება ქვეყნის სასარგებლოდ, თუმცა მთავარია სად და როგორ გამოვიყენებთ. ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირებამდე კონსულტაციები მათთანაც იქნება,"- დასძინა ყოლბაიამ.
ცნობისთვის, 2013 წლის 11 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესიაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიას ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის 112* მუხლში მიმდინარე წლის 20 აგვისტოს შეტანილი კონსტიტუციური ცვლილებების საფუძველზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ყველა უფლებამოსილება მიენიჭა.
ყოლბაიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ახალი მთავრობის შემადგენლობა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად 7 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს.