"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტზე შეფასებისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ აღნიშნულ სიტუაციაში რუსეთთან დიალოგი კი არა, მისგან თავის დაცვაა აუცილებელი.
"არ ვიცი ბურჯანაძემ რატომ შეცვალა პოზიცია რუსეთთან დაკავშირებით და იქ გამგზავრების გადაწყვეტილება მიიღო. არც ისაა ჩემი შესაფასებელი, მოსკოვში როდის ჩავა. ჩვენ ჩვენს პოლიტიკურ პროექტზე მუშაობით ვართ დაკავებული. ალინსის პოზიცია ნათელია, რომ ამ ეტაპზე რუსეთთან დიალოგი კი არა, მისგან თავის დაცვაა აუცილებელი", - განუცხადა ბერძენიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტზე კომენტირებისას.
მისივე განმარტებით, საქართველოს ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ "დადგეს ფეხზე, ჩამოყალიბდეს როგორც დემოკრატიული ქვეყანა და ჩვენი უსაფრთხოება უზრუნველყოფილ იქას ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში".
"ამ პროცესში, რაც უფრო ყოჩაღად შევალთ, მით უფრო დაცული ვიქნებით რუსეთისგან. ასე რომ, ჩვენ გვაქვს სხვა პრობლემები გადასაჭრელი და თუ დემოკრატიულ ინსტიტუტებს ჩამოვაყალიბებთ, ნორმალურ არჩევნებს ჩავატარებთ და ევროპისკენ სვლას განვაგრძობთ, რუსეთი ვერაფერს ვეღარ დაგვიშავებს", - განმარტა დავით ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, რომელსაც ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ რუსეთთან დიალოგის დაწყება დაუშვებლად მიაჩნდა, ვიდრე ქვეყნის დეოკუპაციის პროცესი არ დაიწყებოდა, მოულოდნელად მოსკოვთან ურთიერთობის დარეგილირების აუცილებლობაზე ალაპარაკდა და "დიდი პოლიტიკის" საწარმოებლად დღეს, გამთენიისას ვიზიტით მეზობელ ფედერაციაშიც გაემგზავრა.