დღეს, 3 მარტს, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი, საქართველოს პარლამეტის ექს-სპიკერი, ნინო ბურჯანაძე მოსკოვში მიემგზავრება.
მოსკოვში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით, ბურჯანაძის პოლიტიკურმა მოძრაობამ სპეციალურ განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო საერთაშორისო იზოლაციაშია მოქცეული და აუცილებელია ყველა არსებული რესურსის მაქსიმალურად გამოყენება.
"დღევანდელ ხელისუფლებასთან საუბარზე დეკლარირებულად უარს აცხადებს რუსეთი, ხოლო არადეკლარირებულად მსოფლიო საზოგადოება, მათ შორის _ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები. ხელისუფლების საომარი რიტორიკა ქვეყანას მუდმივი პროვოკაციის რეჟიმში ამყოფებს", _ აღნიშნულია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური მოძრაობა აცხადებს, რომ ქვეყნის გადასარჩენად აუცილებელია საერთაშორისო არენაზე საქართველოში არსებული რეალური მდგომარეობა სრულფასოვნად იქნეს დანახული და გაანალიზებული.
"დღეს საქართველოს დაკარგული აქვს ქვეყნის ტერიტორიის 20%. ხელისუფლება სრულიად უმოქმედოა, არ არსებობს ქვეყნის გამთლიანების რეალური სახელმწიფო გეგმა. ხელისუფლება შეგუებულია და ცდილობს საკუთარი მოსახლეობაც შეაგუოს პრობლემის მოგვარების უპერსპექტივობას", - აღნიშნულია განცხადებაში.
"რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ურთულესი ვითარებიდან გამომდინარე და ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის აბსოლუტური უნდობლობის გათვალისწინებით, ფაქტობრივად, ქართული საზოგადოებისთვის უცნობია საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების რეალური სურათი და ის, თუ ამ ურთიერთობების დარეგულირების რა პერსპექტივები არსებობს. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს რუსეთსა და ევროპის წამყვან სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობს სრულიად ახალი ურთიერთოების ჩამოყალიბება, ასევე, რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში აქტუალურია ე.წ. „გადატვირთვის" თემა, მიგვაჩნია, რომ საჭიროა არაორდინალური საერთაშორისო აქტივობების დაუყოვნებელი განხორციელება. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ძირითადი პრობლემების მოგვარება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი, ვფიქრობთ, რუსეთთან პოლიტიკური დიალოგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ერთიანობისათვის", _ ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია ყველა არსებული რესურსის მაქსიმალურად გამოყენება;
"სწორედ ამიტომ, მივემგზავრები მოსკოვში, ხოლო შემდგომი ორი კვირის განმავლობაში დაგეგმილი მაქვს შეხვედრები ბრუსელში, ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში და აშშ-ში. მხოლოდ აქტიური კონტაქტები, საერთაშორისო მხარდაჭერა და დიალოგი, დაფუძნებული ქართველი ერის ნებაზე იცხოვრონ დამოუკიდებელ, დემოკრატიულ, გამთლიანებულ ქვეყანაში, არის გზა ერთიანი საქართველოსკენ", - აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე.