სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა წინამძღვრიშვილის ქ. #135-ში მდებარე აგრარული ბაზრის ("დეზერტირები 2012") ხორცის სექციაში ჯანმრთელობისათვის საშიში სურსათის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქე, რომელმაც საქონლის ხორცი აღნიშნულ სექციაში შეიძინა, ჯილეხით დაავადდა და ამჟამად სტაციონარულ მკურნალობას გადის, ხორცი კი კვლევისთვის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. მოვაჭრის განცხადებით, მან ნავთლუღის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიძინა 15 კგ ხორცი, რომელიც ლაბორატორიის გვერდის ავლით და, შესაბამისად, ფორმა #2-ის გარეშე შეიტანა "დეზერტირები 2012"-ში.
ი/მ "გრიგოლ სარალიძე", რომელსაც აგრარული ბაზრის ხორცის სექცია იჯარით აქვს აღებული, დაჯარიმდა 1000 ლარით, ხორცის სარეალიზაციო სექციები კი დაილუქა. "დეზერტირები 2012"-ში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებამდე ხორცის რეალიზაცია შეწყვეტილია.
ცნობილი ხდება ასევე ისიც, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა "დეზერტირების" ბაზრის მიმდებარე ე. წ. გვირაბი დახურეს. ადგილზე აღებული ნიმუშები გადაგზავნილია ლაბორატორიაში და ექსპერტიზის პასუხს რამდენიმე დღეში მოგაწვდით.
მასალის გამოყენების პირობები