მედიის მიერ ინფორმაციით, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ინფორმაცია, იმის შესახებ რომ ბრალდებული რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში არ იმყოფებოდა, ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ადვოკატი ლევან მგალობლიშვილი ადგილზე მივიდა, თუმცა იქ ბაჩიაშვილი არ დახვდა. მე-12 დაწესებულებაში ადვოკატებს განუცხადეს, რომ ბაჩიაშვილი გლდანში იყო გადაყვანილი.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 27 მაისს გაავრცელა განცხადება გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით. უწყების ცნობით, ბაჩიაშვილი „წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ“ დააკავეს. თავად დაკავებულმა კი სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ის საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, ბანდიტურ გზას მიმართეს და საქართველოში მოტაცებით ჩამოიყვანეს. ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ის 24 მაისს გაიტაცეს, თვალები აუხვიეს, 2 დღე თვალებახვეული ატარეს და თვითმფრინავში „ჩატენეს“.
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია მსჯავრდებული და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.