გარედან დაფინანსებული ადამიანები, რომელთა უკან „დიფ სთეითის“ საცეცები ჩანს, არაერთ ტყუილს ავრცელებენ და, მიცემული დავალებების შესაბამისად, საქართველოში მოქმედ ამერიკულ კანონს აკრიტიკებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
„ამ კანონთან დაკავშირებით ამბობენ, რომ ეს მათზე რაიმე ზეგავლენას მოახდენს. განვმარტოთ, რეალურად, საქართველოში მოქმედი ამერიკული FARA რას ეხება – ეს კანონი ამერიკაში მიღებულია 1938 წელს და დღემდე მოქმედია. იცავს ამერიკელების უსაფრთხოებას და აძლევს შესაძლებლობას, იცოდნენ, ვინ აფინანსებს მათ ქვეყანაში სხვადასხვა აქტივობას, რომელიც პირდაპირ კანონითაა განსაზღვრული. ისინი თავიანთი ქვეყნის სუვერენიტეტს იცავენ. იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე ათეული წელია, აშშ-ს აქვს შესაძლებლობა, თავისი ქვეყანა, შიდა უსაფრთხოება და ქვეყნის სუვერენიტეტი დაიცვას, ზუსტად ანალოგიურად აქვთ ქართველებს, საქართველოს – სუვერენიტეტის დასაცავად, ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მათ შორის, გარედან დაფინანსებული არაერთი რევოლუციური სცენარის განვითარების მცდელობისგან თავის დასაცავად და საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭიროა, არსებობდეს საკანონმდებლო ცვლილებები.
ზუსტად ანალოგიურად ვრცელდება საქართველოში მოქმედი ამერიკული კანონი, როგორც ეს ამერიკაში მოქმედებს – დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებზე FARA აშშ-ში არ ვრცელდება და საქართველოშიც, ანალოგიურად, არ გავრცელდება. ასევე, კანონით მთელი რიგი გამონაკლისებია განსაზღვრული და ყველას მოვუწოდებთ, კეთილი ინებონ, წაიკითხონ და დაემორჩილონ. წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც აშშ-შია და მის ანალოგ, იდენტურ ქართულ კანონში შავით თეთრზეა გათვალისწინებული“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.