მთაწმინდის პარკში ავტომობილებით გადაადგილების გამო, სამთავრობო უწყებებმა გაფრთხილება მიიღეს.
საქართველოს მთავრობის კაცლარიაში მთაწმინდის პარკის გენერალური დირექტორის სახელით შესული შესაბამისი განცხადების შემდეგ, მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა ყველა სამინისტროსა და სახელმწიფო უწყებებს წერილი გაუგზავნა და მთაწმინდის პარკში გადაადგილებასთან დაკავშირებით სპეციალური გაფრთხილება მისცა.
კაცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ვერ აკონკრეტებენ თუ რომელი უწყებების მისამართით ჰქონდა პრეტენზიები მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციას. მათი თქმით, წერილში საუბარი ზოგადად სამთავრობო მანქანების კოლონებზე იყო.
შეგახსენებთ, რომ მთაწმნიდის პარკის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი სასანიამ განაცხადა, რომ პარკის ტერიტორიაზე სამთავრობო მანქანების გადაადგილების გამო, ადგილზე მისულ დამსვენებლებს დისკომფორტი ექმნებოდათ და ამას ღიად აფიქსირებდნენ.
"იყო რამდენიმე პრეცედენტი, როდესაც სამთავრობო მანქანები რესტორან "ფუნიკულორის" მიმართულებით გადაადგილდა. ამან ჩვენი დამსვენებლების საფუძვლიანი უკმაყოფილება გამოიწვია. ვინაიდან ჩვენი მთავარი ამოცანა ჩვენი მომხმარებლის ინტერესების დაცვა გახლავთ, მთავრობის კანცელარიას თხოვნით მივმართეთ, რომ მათი ინფორმირება მომხდარიყო, რადგან დარწმუნებულები ვართ, რომ მანამდე უბრალოდ ეს ინფორმაცია არ არსებობდა. რესტორანთან არსებობს პარკინგის ადგილი, სადაც მათ ავტომობილების გაჩერება შეუძლათ,"- განაცხადა ირაკლი სასანიამ.