ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, თელავში, „ევროპის დღის" ღონისძიების გახსნის შემდეგ გააკეთა განცხადება ახალი პროექტების შესახებ, რომელთა საერთო ბიუჯეტი 2026 წლის განმავლობაში 38 მილიონ ევროა. დახმარება მიმართული იქნება საქართველოს მოქალაქეების, ოჯახებისა და თემების მხარდაჭერაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ევროპის დღე 2026 კახეთს ეწვია, რომ უკეთ მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ევროკავშირის გაცნობა.
გახსნის ცერემონიის შემდეგ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გააკეთა განცხადება ახალი პროექტების შესახებ, რომელთა საერთო ბიუჯეტი 2026 წლის განმავლობაში 38 მილიონ ევროა. დახმარება მიმართული იქნება საქართველოს მოქალაქეების, ოჯახებისა და თემების მხარდაჭერაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროგრამის „ევროკავშირი შენთვის“ (EUwithYou) ფარგლებში, 30–წლიანი პარტნიორობაზე დაფუძნებული პროექტების საშუალებით მოხდება განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაფართოება, საოჯახო მეურნეობების მხარდაჭერა და სურსათის ხარისხის გაუმჯობესება; მოხდება მცირე ქალაქებისა და სოფლების განვითარების მხარდაჭერა, ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდა, ახალგაზრდებისა და მოწყვლადი მოქალაქეების მხარდაჭერა, მათ შორის აფხაზეთში, და გარემოს დაცვის გაუმჯობესება. ეს ახალი დახმარება კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ერთგულებას ქართველი ხალხისა და საქართველოს ევროპული გზის მიმართ.
მეღვინეობა „მოსმიერში“ „ევროპის გუნდის“ (Team Europe) მიერ შექმნილმა სივრცემ გააერთიანა ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებმაც საკუთარი კულტურა, ტრადიციები და სამზარეულო წარადგინეს, ხოლო „ევროპულ-ქართულმა სუფრამ“ ევროპული კულინარიული ტრადიციები კახურ სტუმართმოყვარეობასთან შეაზავა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროექტებმა და ბენეფიციარებმა წარადგინეს ევროკავშირის მხარდაჭერის კონკრეტული მაგალითები სოფლის მეურნეობის, ახალგაზრდობის, მეწარმეობის, ინოვაციების, გარემოს დაცვის, კულტურისა და რეგიონული განვითარების სფეროებში.
მთელი დღის განმავლობაში სტუმრები მონაწილეობდნენ ღვინისა და ფოტოგრაფიის მასტერკლასებში, ველომსვლელობაში, „მწვანე კუთხის“ აქტივობებში, საბავშვო თეატრსა და კულტურულ წარმოდგენებში; ვირტუალური გარემოს წყალობით იმოგზაურეს ევროპის ქალაქებში და გამოავლინეს თავიანთი ცოდნა თამაშში „ევროკავშირის ცოდნის ბორბალი“. ღონისძიება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი მეწარმეების გამოფენით გაგრძელდა და ჯგუფ „გამოუვალი მდგომარეობის“ კონცერტით დასრულდა.
ევროპის დღეს კახეთში მარტივი გზავნილი ჰქონდა: ევროპა არის ადამიანები, საერთო ღირებულებები, კავშირები და შესაძლებლობები"-, - აღნიშნულია ინფორმაციაში.