ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ ეხმიანება სებ-ის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის ფაქტს და სრულად ემიჯნება აღნიშნულს.
"სწორედ ამ მიზნით, ეროვნული ბანკის მაღალი რეპუტაციული სტანდარტიდან გამომდინარე, საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ნანა ყეინიშვილის სებ-ის საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობიდან აცილების შესახებ გამოძიების დასრულებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენამდე.
აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნანა ყეინიშვილი მოქმედებდა მარტო, რასაც ადასტურებს კომპანიის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული აუდიო ჩანაწერიც, სადაც ის თავად საუბრობს მისი გეგმებისა და მიზნების შესახებ. გარდა ამისა, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობა ეროვნულ ბანკში არ განეკუთვნებოდა ნანა ყეინიშვილის საკურატორო მიმართულებას და შესაბამისად, მას ვერანაირად ვერ ექნებოდა გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. სებ-ის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ნებისმიერი სუბიექტის შემოწმების პროცესი არის მკაცრად კონფიდენციალური. ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდება შესაბამისი გუნდის გარდა, არც ერთ პირს, მათ შორის საბჭოს წევრებს. აქვე განვმარტავთ, რომ ნანა ყეინიშვილი იყო ეროვნული ბანკის საბჭოს არააღმასრულებელი წევრი, შესაბამისად არ მონაწილეობდა ყოველდღიურ აღმასრულებელ მართვაში და არ გააჩნდა ოპერატიული მართვის მანდატი.
რაც შეეხება ეროვნული ბანკის მიერ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერ შპს „ბიტექსჩეინჯს“ დაჯარიმებას, აღნიშნული შემოწმება განხორცილდა გეგმიურად 2026 წლის თებერვალში. შესაბამისად, შპს „ბიტექსჩეინჯის“ წარმომადგენლის განცხადება, რომ დაჯარიმება უკავშირდება მის მიერ სებ-ისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, არის უსაფუძვლო და საზოგადოებისთვის განზრახ შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ შპს „ბიტექსჩეინჯი“ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესისა და სხვა არაერთი დარღვევისთვის დაჯარიმდა", - აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.