„აფხაზეთის ირგვლივ არსებული მწარე რეალობა არის არა იმდენად ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, არამედ რუსეთ-საქართველოს ხანგრძლივი ლატენტური ომის ერთ-ერთი გამოვლინება და, თუ გნებავთ, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი", -
წერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკა ვაშაკიძე "iveria.biz"-ში გამოქვეყნებულ სტატიაში „აფხაზეთის პრობლემის მოგვარების ფორმულის შესახებ"
ვაშაკიძე მიიჩნევს, რომ რუსეთის ფაქტორის არსებობა, უკიდურესად აძნელებს აფხაზეთის პრობლემის მოგვარებას, მაგრამ ეს ფაქტორი არ უნდა იყოს სასოწარკვეთისა და ხელების ჩამოშვების საბაბი.
„აქ მთავარია ის, რომ, რაოდენ ძნელი და ხანგრძლივიც არ უნდა იყოს პრობლემის გადაწყვეტა, საქართველოს ძალისხმევა ამ მიმართულებით უნდა იყოს მუდმივი, დაუღალავი, მიზანმიმართული და, რაც მთავარია, კონცეპტუალურად სწორად დალაგებული", - წერს ვაშაკიძე.
ავტორი აღნიშნავს, რომ ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისიდან, საქართველოს ყველა ხელისუფლება და საზოგადოებაც ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს, რომელიც არასწორი გზით მიმართავს საქართველოს ძალისხმევას და მტრების წისქვილზე ასხამს წყალს.