მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის" ხელისუფლებას პენსიის პოლიტიკური ბრძოლის საშუალებად გამოყენაბაში ადანაშაულებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის პრესცენტრიდან აცნობეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისელებისათვის პენსიის 10 ლარით მომატება მხოლოდდამხოლოდ თბილისის ახლანდელი მერის, გიგი უგულავას წინასაარჩევნო პიარს ემსახურება.
"ხელისუფლება მოსახლეობის რეგიონული ნიშნით დისკრიმინაციას ახდენს. ეს გამოიხატება იმაში, რომ რეგიონებში პენსიონერები ვერ მიიღებენ ვერც 10-ლარიან დანამატს, ვერც წამლების 25-ლარიან ვაუჩერს, ვერც ტრანსპორტით ნახევარ ფასში მგზავრობის უფლებას და ამ შეღავათებით მხოლოდ თბილისელი პენსიონერები ისარგებლებენ. თანაც, ეს შეღავათები ძალაში შევიდა 1 მარტიდან - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენებამდე სამი თვით ადრე.
ეს გარემეობა გვაფიქრებინებს, რომ შეღავათების ფარული მიზანია თბილისის მერობის სამთავრობო კანდიდატის, გიგი უგულავას წინასაარჩევნოდ პრივილეგირებულ პოზიციაში ჩაყენება. ასეთი მოქმედება საარჩევნო კანონმდებლობის პირდაპირი დარღვევაა. ეჭვს ისიც ამძაფრებს, რომ შეღავათები დაფინანსდება არა თბილისის, არამედ ცენტრალური ბიუჯეტიდან", - ნათქვამია ნოღაიდელი პარტიის განცხადებაში.
"სამართლიანი საქართველოსთვის" აზრით ხსენებულ გარემოებას მეორე მიზეზიც აქვს - 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევენბის პიარ კამპანია.
"რეგიონში პენსიონერთა დაჩაგვრას, შესაძლოა, კიდევ უფრო ვერაგული და შორსმიმავალი მიზნებიც ჰქონდეს. კერძოდ, მმართველ პარტიას დღესვე სჭირდება მომზადება მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისათვის, რომელშიც ერთ-ერთ კანდიდატად თბილისის დღევანდელ მერსაც მოიაზრებს. თუ „ნაციონალური მოძრაობა" საბოლოოდ მართლაც გიგი უგულავაზე შეჩერდა, მაშინ მათ შეეძლებათ რეგიონებში საარჩევნო კამპანია ააწყონ ასეთ ლოზუნგზე: „თუ გსურთ რეგიონებშიც ისეთივე ყურადღება მოგაქციოთ, როგორც თბილისში, პრეზიდენტად გიგი უგულავა აირჩიეთ." სწორედ ამ ლოზუნგისათვის საფუძველის ჩაყრას უნდა ემსახურებოდეს დღევანდელი დისკრიმინაცია რეგიონებში. სხვაგვარად ძნელი წარმოსადგენია პიარ-აქციებში გამოცდილი მთავრობის მხრიდან ასეთი არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმა.
მოძრაობა საზოგადოების ყურადღებას მიაქცევს იმაზეც, რომ ტყუილი აღმოჩნდა დღევანდელი მთავრობის დაპირება მთელს საქართველოში ასდოლარიანი პენსიის შესახებ", - ნათქვამია განცხადებაშI.
მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის" კატეგორიულად მოითხოვს, რომ დედაქალაქში პენსიონერებისათვის დაწესებული სოციალური შეღავათები მთელს საქართველოზე გავრცელდეს.