საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატთა რაოდენობას ტრადიციონალისტთა ლიდერის აკაკი ასათიანის კანდიდატურაც დაემატა. როგორც ასათიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, იგი აქტიურ წინასაარჩევნო კამპქანიას რამდენიმე დღეში დაიწყებს.
"მე ვფიქრობ, იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც მე, ჩემს თანამოაზრეებს და მეგობრებს დაგვიგროვდა, და ასეთი ბევრია, ვისაც გული შესტკივა ქვეყანაზე და ბოლო 25 წლის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად მონაწილეობს. ვალდებულებაც კი გვაკისრია, ამ საქმეში მონაწილეობა მივიღოთ. ჩვენი აზრით, გამოსავალი ერთადერთია, ეს არის ნეიტრალიტეტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ნებისმიერი მიმართულებით თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას მისცემს და საშუალებას მისცემს ნებისმიერ პარტნიორ ქვეყანასთან ჰქონდეს ურთიერთობა, თუნდაც ისეთთან, რომელთანაც ამჟამად რთული მდგომარეობა აქვს,"- განაცხადა აკაკი ასათიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელთ არსებული ბოლო მონაცემების თანახმად, 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა 34-მა პოლიტიკოსმა და საინიციატივო ჯგუფის კანდიდატმა უკვე გამოთქვა.