"ასეთი დაწყებული ნაბიჯებით, არ მგონია ზურაბ ხარატიშვილს პოლიტიკაში წარმატებები ელოდეს,"- ასე შეაფასა საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მიერ თანამდებობიდან წასვლის და პოლიტიკური მოღვაწეობის დაწყების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.
"შუაგულ არჩევნებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე განცხადების გაკეთება მე ვფიქრობ, რომ სრული უპასუხისმგბელობაა და მათ შორის იმ ამომრჩევლების წინაშე, რომელთა გულის მოგებასაც უკვე ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნით ფიქრობს. მე მას წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ არ მგონია, რომ ასეთი დაწყებული ნაბიჯით წარმატებები ელოდეს,"- განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა პარლამენტს თანამდებობიდან მისი წასვლის შესახებ განცხადებით 12 აგვისტოს მიმართა. საარჩევნო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, იგი ახალ პოლიტიკურ ცენტრს ქმნის, რომელშიც ღირებულებებზე აგებული პოლიტიკური სუბიექტები გაერთიანდებიან. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული ახალ პოლიტიკურ ცენტში "ეროვნულ დემოკრატიული პარტია" და პარტია "ევროპელი დემოკრატებიც" გაერთიანდნენ.