საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრი-გამშვები პუნქტის გახსნას დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით რუსეთმა არაპირდაპირ აღიარა 2005 წლიდან დაწესებული ეკონომიკური ემბარგოს პოლიტიკური მარცხი. პრეზიდენტ სააკაშვილის აღნიშნული პოზიცია საზოგადოებას დღეს მისმა პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააცნო.
"ლარსის პუნქტის გახსნა ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა საზღვარი გახსნა, რაც, მნიშვვნელოვანია იმ კუთხით, რომ ჩვენი ტერიტორიის თუნდაც ერთ მონაკვეთზე ლეგიტიმური საზღვარი გვექნება, სადაც ლეგიტიმურად განხორციელდება ტვირთების გადატანა და პროცედურები. ლარსის საბაჟო პუნქტის გახსნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთმა არაპირდაპირ აღიარა 2005 წლიდან დაწესებული ეკონომიკური ემბარგოს პოლიტიკური მარცხი", - განაცხადა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
რაც შეეხება რეგიონის უსაფრთხოებას, მანჯგალაძის განცხადებით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ჩაკეტილი საზღვარი და შეიარაღებული ხალხი გაცილებით უფრო სახიფათოა, ვიდრე გახსნილი და ლეგიტიმური საზღვრები.
"სახელმწიფოს ექნება ყველა კანონიერი საშუალება, რომ სასაზღვბრო პუნქტი სამართლებრივი ბერკეტებით გააკონტროლოს" - აღნიშნა მანჯგალაძემ.
რაც შეეხება რუსეთის გეგმას, რომლის მიხედვითაც ის პრეტენზიას აცხადებს, ლარსი-კობი-გუდაურის ტერიტორიაზე, ქვეყნის პირველი პირის აზრით, "ამას ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს და მოსახლეობაზე, ინვესტორებსა და ქვეყნის განვითარების წინააღმდეგაა მიმართული".
"კრემლს პრეტენზია აქვს არა მხოლოდ ლარსი-კობი-გუდაურის ტერიტორიაზე, არამედ მთლიანად საქართველოსა და მისი დედაქალაქის მიმართაც, რადგან ისინი ცდილობენ დააკანონონ ეთნიკური წმენდა. არ აღიარებენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარს და დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას" - აღნიშნა მანჯგალაძემ.
მისივე განმარტებით, ლარსის გამშვები პუნქტის აღდგენა არ ნიშნავს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდა, რადგან მოლაპარაკებები შვეიცარიის საელჩოს საშუალებით მიმდინარეობდა და არა პირდაპირ.
"საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ მაშინ იფიქრებს კრემლთან ურთიერთობის აღდგენასა და გაუმჯობესებაზე, როდესაც ის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს აღიარებს" - განაცხადა მანჯგალაძემ.