დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო შვედეთის სამეფოს სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში, ელჩის რანგით, ფრედრიკ ლოიდკვისტი. ამის შესახებ სამინისტროს პრესცენტრი იუწყება.
შეხვედრისას განხილულ იქნა უახლოეს მომავალში თბილისში შვედეთის სამეფოს საელჩოს გახსნის საკითხი.
სამინისროს განცხადებით, შეხვედრაზე მხარეებმა შეაჯამეს ევროკავშირის შვედეთის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კუთხით მიღწეული პროგრესი და განიხილეს თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ასევე, რეგიონული უსაფრთხოების, მათ შორის საქართველო-რუსეთის ურთიერთობის პრობლემატიკა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერასთან და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს გააგრძელონ მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობა.