ცესკოს თავმჯდომარემ საარჩევნო პროცესის მონიტორინგისთვის შექმნილ პარლამენტის ინტერფრაქციულ ჯგუფს მომავალი ორი წლის სამოქმედო სტრატეგია გააცნო.
ინტერფრაქციული ჯგუფის შეხვედრა ზურაბ ხარატიშვილთან დღეს პარლამენტში ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელის გურამ ჩახვაძის ინიციატივით გაიმართა.
ხარატიშვილმა 2010-2011 წლების სამოქმედო სტრატეგია ორ ნაწილად _ მოკლე და საშუალო ვადიან სტრატეგიად წარადგინა. მისი განცხადებით, მოკლე ვადიანი სტრატეგია უშუალოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება და საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლებას, ცესკოს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას შეეხება. ამასთან, საარჩევნო პროცესი ეუთოსა და ევროკავშირის რეკომენდაციებს უნდა შეესაბამებოდეს.
საშუალო ვადიანი სტრატეგია, კი ხარატიშვილის განმარტებით, გულისხმობს საარჩევნო სიებისა და დავების განხილვის მექანიზმის დახვეწას, ეთნიკურ უმცირესობებთან და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლებთან მუშაობის განვითარებას, საზოგადოებასთან და ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან ურთიერთობის გაღრმავებას, საარჩვენო პროცესში ძალადობის შეზღუდვას და სხვა.
ზურაბ ხარატიშვილი ჯგუფის წევრებს ჰპირდება, რომ ცესკო მონიტორინგის პროცესში მათ მიერ გამოთქმულ ყველა შენიშვნას გაითვალისწინებს.