8 მაისს მოსკოვში ვიზიტის დროს ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუსეთს მხარდაჭერა გამოუცხადა, პუტინს ახალი მსოფლიო წესრიგის მშენებლობაში მოკავშირე უწოდა და უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით საერთო პოზიცია კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ამის შესახებ Reuters ჩინეთის ლიდერის სიტყვებზე დაყრდნობით იუწყება.
რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამი, რომ კონფლიქტი უკრაინაში შეიძლება დარეგულირდეს მხოლოდ „მისი საწყისი მიზეზების დადგენის გზით“, რა ნარატივსაც ხშირად იმეორებს რუსეთის ხელისუფლება. ამით კრემლი ამართლებს სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას - კერძოდ, „ნატო-ს გაფართოების საფრთხეს“, „რუსულენოვანი მოსახლეობის დისკრიმინაციას“, ასევე რუსული ენის, კულტურისა და მედიის ჩაგვრას უკრაინაში.
სი ძინპინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი და ჩინეთი უნდა იყვნენ „ნამდვილი ფოლადის მეგობრები, ნაწრთობი ასობით განსაცდელით“.
გარდა ამისა, სი ძინპინმა და პუტინმა პირობა დადეს, რომ გააძლიერებდნენ კოორდინაციას ყველა სფეროში, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში, და „მტკიცედ დაუპირისპირდებოდნენ ვაშინგტონის მიერ ჩინეთისა და რუსეთის ორმაგი შეკავების კურსს“.
ლიდერებმა ასევე გამოთქვეს განზრახვა, პირადად გაკონტროლონ თანამშრომლობის ძირითადი სფეროები და მიაღწიონ ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდას 2030 წლისთვის.
სი ძინპინი რუსეთში ოთხშაბათს ჩავიდა ოთხდღიანი სახელმწიფო ვიზიტით. ის დაესწრება პუტინის მიერ დაგეგმილ გამარჯვების დღის სამხედრო აღლუმს.