ოფიციალური თბილისის მტკიცებით, ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ამოქმედებას რუსეთთან რაიმე დათმობებზე წასვლა არ მოჰყვება.
"ზემო ლარსის გამშვები პუნქტის ამოქმედება რუსეთ-საქართველოს შორის გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობის შემდეგ მიღწეული პირველი შეთანხმებაა, თუმცა სხვა არანაირ დათმობაზე არ შეიძლება საუბარი, სანამ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და დეოკუპაციის პროცესი არ დაიწყება", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ, ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე.
ამასთან, კალანდაძე რუსეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვრის გახსნას "პოზიტიურ პრეცენდენტად" აფასებს, თუმცა აქვე განმარტავს, რომ ქართული მხარი დარიალის პუნქტის ამოქმედებით არანაირ ეკონომიკურ სარგებელს არ ელის და შესაბამისი გადაწყვეტილება მხოლოდ მეზობელი სომხეთის ინტერესების გათვალისწინებით იქნა მიღებული.
"ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ეკონომიკურ ინტერესებს არ ველით და ის მხოლოდ მესამე ქვეყნის - მეზობელი სომხეთის ინტერესების გათვალისწინებით იქნა მიღებული. სწორედ ამას ეფუძვნება ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტის გახსნის გადაწყვეტილება, რომლის გახსნის თხოვნით ოფიციალურმა ერევანმა რამდეჯერმე მოგვმართა", - განმარტა კალანდაძემ.
რაც შეეხება რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აღნიშნული პუნქტით შესაძლოა ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების მოსახლეობამაც ისარგებლოს, ვაშაძის მოადგილის განმარტებით, "საზღვრის გადაკვეთის პრობლემა არც ერთ მესამე ქვეყნის მოქალაქეს არ შეექმნება, თუკი ისინი საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის დაცვით იმოქმედებენ".
ამასთან, დღესვე ნინო კალანდაძე "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენლის ნიკა ლალიაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის აზრითაც, ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნა ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას შეუქმნის პრობლემას და განმარტა, რომ ყველა ადგილობრივი მცხოვრების უსაფრთხოება მკაცრად იქნება დაცული, ისე როგორც საზღვრის გადაკვეთის მსურველთა უსაფრთხოება.
"თეორიულად ასეთი საფრთხე შესაძლოა ნებისმიერი სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან მოდიოდეს, თუმცა სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ზემო ლარსის პუნქტის გახსნა არც ადგილობრივი მოსახლეობის და არც საზღვრის გადაკვეთის მსურველთა უსაფრთხოებას საფრთხეს არ შეუქმნის, რადგან ამისთვის ჩვენ ყველანაირ ზომას ვიღებთ. ყველა იმ პირის მიმართ, ვინც მესაზღვრეებში ეჭვის საფუძველს გამოიწვევს, მკაცრი პოლიტიკა გატარდება", - დასძინა საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ დარიალის პუნქტი დღეიდან ამოქმედდა. ის ქართულმა მხარემ 07:00 საათზე, რუსულმა კი დაახლოებით ერთი საათის წინ აამოქმედა. პუნქტზე მიმოსვლა ჯერ არ განხორციელებულა.