რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგიის გაეროში განხილვის შედეგებით კმაყოფილია.
იაკობაშვილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან გამთენიისას დაბრუნდა.
"დოკუმენტს მხარი ღიად დაუჭირა აშშ-მ და საფრანგეთმა. სწორედ ამ ქვეყნების დახმარების შეიქმნება სტრატეგიის განხორციელების გეგმაც. ამ მიზნით საფრანგეთის საგარეო უწყებასთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაინტერესებულია თავად უხელმძღვანელოს კონფერენციას, რომელიც ამ კონცეფციის განხორციელებას შეუწყობს ხელს", - განუცხადა იაკობაშვილმა ჟურნალისტებს თბილისში დაბრუნებისას.
გარდა ამისა, სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, დოკუმენტის განხილვა მოხდა ამერიკის აკადემიურ წრეებთანაც, რომლებიც "მიიჩნევენ, რომ არსებულ სიტუაციაში ერთადერთი სწორი გზა სწორედ აღნიშნული სტრატეგიის განხორციელებაა".
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგია საქართველოს მთავრობამ იანვრის ბოლოს მიიღო, თებერვლის დასაწყისიდან კი დოკუმენტის საერთაშორისო საზოგადოებისთვის გაცნობა დაიწყო.