ირაკლი ალასანია "ალიანსში" ბრუნდება.
როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის თბილისის მერის არჩევნებში კვლავ "ალიანსი საქართველოსთვის" კანდიდატი იქნება.
მისივე თქმით, პრაიმერში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებთან კონსულტაციებს გააგრძელებს.
"ალიანსი აგრძელებს ერთობლივ გზას არჩევნებისთვის. პრაიმერში მონაწილეობას არ მივიღებ, რადგან პრაიმერის ინიციატორი პარტიების ლიდერებსა და მე ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები გვაქვს, რაც მოლაპარაკებების დროსაც დავაფიქსირეთ, თუმცა "კონსერვატორებთანაც" და სხვა პარტიებთანაც, რომლებსაც წარდგენილი ჰყავთ არჩევნებში თავიანთი კანდიდატურები, ღია კარის პოლიტიკას გავაგრძელებთ", - განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ირაკლი ალასანია თანაალიანსელ პარტიებს გაემიჯნა და თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად მიმდინარე კონსულტაციებში "ახლებისა" და "რესპუბლიკელებისთვის" მიუღებელ ზურაბ ნოღაიდელთან ერთად ჩაერთო.