დღეს, 28 თებერვალს, ქართველ მსახიობს, რამაზ ჩხიკვაძეს დაბადებიდან 78 წელი შეუსრულდა.
რამაზ გრიგოლის ძე ჩხიკვაძე 1928 წლის 28 თებერვალს თბილისში დაიბადა. 1951 წელს დაამთავრა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. იყო მიხეილ თუმანიშვილის მოწაფე. ამავე წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. ჩხიკვაძის შემოქმედებისთვის დამახასიათებელია მკაფიო ინდივიდუალობა, თვითმყოფობა, დიდი შემოქმედებითი ფანტაზია, იმპროვიზაციისა და გარდასახვის ოსტატობა.
რამაზ ჩხიკვაძის მიერ განსახიერებული როლები: ლეანდრო (ჯ. ფლეჩერის "ესპანელი მღვდელი"), ვეფხია გაბიდაური (კ. ბუაჩიძის "ამბავი სიყვარულისა"), ქოსა მრჩეველი (გ. ნახუცრიშვილის "ჭინჭრაქა"), მაქჰითი (ბ. ბრეხტის "სამგროშიანი ოპერა"), თედო (მ. ელიოზიშვილის "ბებერი მეზურნეები" ), ფადინარი (ე. ლაბიშის "ჩალის ქუდი"), აკოფა (ა. ცაგარელის "ხანუმა"), კირილე მიმინოშვილი (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), შოშია (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა") და სხვა.
ჩხიკვაძის შემოქმედებაში ახალი ეტაპია რეჟისორ რობერტ სტურუას დადგმებში მონაწილეობა (ყვარყვარე, პ. კაკაბაძის "ყვარყვარე", აზდაკი, ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე", რიჩარდ მესამე, შექსპირის "რიჩარდ მესამე", მოხუცი რეჟისორი რ. სტურუას, ლ. ფოფხაძისა და ა. ვარსიმაშვილის "ვარიაციები თანამედროვე თემაზე" და სხვა). ამ წარმოდგენებში მხატვრულ ხერხად გამოყენებულია ყოფითისა და პათეტიკის, რეალურისა და პირობითის დაპირისპირება, მოვლენების მოულოდნელი პერიფრაზირება, მეტაფორული აზროვნება, რასაც მსახიობი აღწერს განსჯისა (ფსიქოლოგიური განცდის საპირისპიროდ) და სრულყოფილი აქტიორული ხელოვნების მეშვეობით. ჩხიკვაძე გარდასახვასთან ერთად სცენაზე გვიჩვენებს თავის დამოკიდებულებას გმირისადმი. ჟესტიკულაციით, პოზითა და მეტყველების მანერით იგი ზუსტ ასოციაციურ მინიშნებას აღწევს. ამ როლებმა ჩხიკვაძეს მსოფლიო აღიარება მოუპოვა.
რამაზ ჩხიკვაძე გადაღებულია კინოფილმებში: "ლონდრე" (დიამბეგი, 1963), "ჩირიკი და ჩიკიტელა" (გიტარა-მაიორი, 1975), "ნატვრის ხე" (მღვდელი, 1977), "ნერგები" (ლუკა, 1974, მოსკოვის VIII საერთაშორისო კინოფესტივალზე მიენიჭა პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის) და სხვა. ჩხიკვაძე არის სსრკ სახელმწიფო (1979), რუსთაველისა (1980) და მარჯანიშვილის (1975) პრემიების ლაურეატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, "საპატიო ნიშნის" ორდენითა და მედლებით.