"ძვირფასო თანამემამულეებო, მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის, რომ ასეთი განსაცდელის დროს გამოავლინეთ ყველა ეროვნული ღირსება. თქვენი დამსახურებაა და არავის სხვისი, რომ საქართველომ 2008-ში შესძლო წინააღმდეგობის გაწევა. ცოტას შეუძლია ისეთი ერთიანობის ჯაჭვის გაკეთება, როგორიც ქართველებმა გააკეთეს. მეც არ მეგონა თუ ეს შესაძლებელი იყო, არ მეგონა თუ დაბომბვის საფრთხის ქვეშ ასეთი ერსულოვნების გამოხატვა შესაძლებელი იყო, თუკი ასობით ჩვენი თანამემამულე შიეკრიბებოდა და იტყოდა: ჩვენ ერთიანები ვართ და არ გვეშინია", - განაცხადა სააკაშვილმა პარლამენტში წლიური საანგარიშო მოხსენებით გამოსვლისას.
ამასთან, ქვეყნის პირველი პირის განმარტებით, სწორედ საქართველოს თითოეული მოქალაქის დამსახურებაა ის, რომ ქვეყანამ გაუძლო 2009 წელს და გაჯანსაღდება 2010-ში.
"თქვენმა თავდადებამ და გამბედაობამ დაიცვა ჩვენი ქვეყანა ყველაზე რთულ დროს, გახადა შესაძლებელი მსოფლიო კრიზისი დაძლევა და ქვეყნის ინტერესებზე ზრუნვამ განაპირობა ის, რომ გასულ გაზაფხულზე, წინააღმდეგობით დამუხტული პოლიტიკური ვითარება არ გადაიზარდა ძალადობაში. ეს მადლობა ეკუთვნის ყველას - ხელისუფლების თუ ოპოზიიციის მომხრეებს, ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელს, ოსებს, რომლებმაც თავი დადეს საქართველოში საბრძოლველად თუნდაც ბოლო კონფლიქტის დროს, ყველა მასწავლებელს, ენერგეტიკოსებს, რომლებიც ტყვიების ზუზუნში მუშაობდნენ, რომ მოსახლეობისთვის ელექტრომომარაგება აღედგინათ", - განმარტა სააკაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ამ გამოსვლას დეპუტატები ფეხზე ადგომით და ტაშით მიესალმნენ.
ქვეყნის პირველი პირი ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში იმყოფება. ის დეპუტატებს წლიური მოხსენებით მიმართავს. პრეზიდენტის გამოსვლას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავრობის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თბილისში ვიზიტით მყოფი რუსი ჟურნალისტები ესწრებიან.